ახალი ამბები
,,გოგომ აუცილებლად უნდა ისწავლოს" - გორში დაწერილი სტერეოტიპები
დღეს, 26 ნოემბერს გორის თეატრის ეზოში აქცია - ,,არა, გენდერულ სტერეოტიპებს" - გაიმართა.

ღონისძიება გენდერის მედიაცენტრთან ერთად, ორგანიზაცია ,,ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის" წარმომადგენლებმა გაუწიეს.

თეატრის ეზოში სპეციალურად მოწყობილ ბანერზე, აქციის მონაწილეებმა და გამვლელებმა ის სტერეოტიპები ჩამოწერეს, რაც ქალების მიმართ დისკრიმინაციად ითვლება.

მაგალითად:

,,გოგომ აუცილებლად უნდა ისწავლოს"

,,ქალი სუსტი სქესია"

,,კაცს რა უნდა ბავშვების მშობელთა კრებაზე"

,,გენდერი ქალის საქმეა"

,,შედი ქალო კუხნაში"

,,ფერებს სქესი არა აქვს"

,,კაცმა ქალის ჭკუაზე არ უნდა გაიაროს"

,,შვილი დედამ უნდა გაზარდოს"

,,კაცს ყველაფერი ეპატიება"

,,ყველა ქალი,ვინც სიგარეტს ეწევა, გარყვნილია"

,,ქალმა ყველაფერი უნდა მოითმინოს"


ღონისძიება ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის 16 დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში ეწყობა.

,,ამ აქციით ორგანიზატორები კიდევ ერთხელ შეახსენებენ საზოგადოებას რომ გენდერული სტერეოტიპები პირდაპირ კავშირშია უთანასწორობასთან და ხელს უწყობს გენდერულ ძალადობას და ქალების დისკრიმინაციას." - აღნიშნავენ აქციის ორგანიზატორი ნათია ომაძე..

აქცია ეწყობა ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხარდაჭერით.

16-დღიანი საერთაშორისო კამპანია 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირება.

მსგავსი სახის აქციები სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლშიც ჩატარდა

,, სახლი სადაც ძალადობას განიცდი სახლი არ არის“; ,,ადრეული ქორწინება ტვირთია“; ,,თანასწორობა ოჯახიდან იწყება“ - ეს გზავნილებია საზოგადოებისათვის, რომელსაც სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი (SJMC) გენდერულ კლუბებთან ერთად სოციალური ქსელის საშუალებით, „ნარინჯისფერი ხელით“ 16 დღის განმავლობაში ავრცელებს. იგივე გზავნილები გამოჩნდა 25 ნოემბერს აქციაზე, რომლითაც ბორჯომის გენდერულმა კლუბმა აქციაზე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საკუთარი პოზიცია გამოხატა. აქცია Flashmob-ით დაიწყო, რომლის დროსაც ქართულ ცეკვას განსხვავებული დასასრული ჰქონდა.

აქციაზე გენდერული კლუბის წევრებთან ერთად მოვიდნენ უფროსკლასელები, სტუდენტები, სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის წარმომადგენლები.

16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, რეგიონული ტელეკომპანიების „ბორჯომის“, ახალციხის „მეცხრე არხის“, ნინოწმინდის „ფარვანა“-ს და „მარნეულის“ ეთერში ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე გავა დოკუმენტური ფილმები რეგიონების წარმატებული ქალების ისტორიების შესახებ და თოქ-შოუები გენდერულ თემებზე. აქ საინფორმაციო კამპანია ტარდება პროექტის ფარგლებში - „ნაბიჯი გენდერული თანასწორობისათვის“, რომელსაც ,,სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი (SJMC) შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის მხარდაჭერით ახორციელებს.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები