ახალი ამბები
ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ მოჭიდავე ზურაბ ნოზაძე ინიშნება
ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ მოჭიდავე ზურაბ ნოზაძე ინიშნება.

ეს საკითხი გუშინ 2016 წლის 28 ნოემბერს საკრებულოს ბიუროზე დღის წესრიგით შეიტანეს.

ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ნოზაძემ დაუდასტურა.

„ჩემი კანდიდატურა ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარემ ვაჟა შუბითიძემ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ წამოაყენა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო გადაიდო. ჩემი არჩევა საკრებულოს მომავალ სხდომაზეა დაგეგმილი.“ - გვეუბნება ზურაბ ნოზაძე.

ზურაბ ნოზაძე 2013 წლის მოწვევის ხაშურის საკრებულოს წევრი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეა.

ნოზაძე პარტია „ქართულ ოცნებაში“ 2012 წელს გაწევრინდა. ის 1989 წელს დაიბადა, დაამთავრა ალის საჯარო სკოლა რის შემდეგაც სწავლა თბილისის ქართულ-უკრაინულ უნივერსიტეტში ეკონომიკის სპეციალობით გააგრძელა.

არის 2004 წლის მსოფლიო ჩემპიონი სამბოში, ასევე 2006 წლის ევროპის პრიზიორი და 2007-2010 წლებში საქართველოს ჩემპიონი ძიუდოში.

ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა 2016 წლის 1 ივლისს მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც ყოფილი მოადგილე გიორგი ცხადიაშვილი საკრებულომ გადაირჩია.

გიორგი ცხადიაშვილი პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი იყო.

ზურაბ ნოზაძის არჩევა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე 5 დეკემბერს საკრებულოს სხდომაზე ფარული კენჭისყრით მოხდება.


 

 

 

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები