ახალი ამბები
გამყოფ ხაზთან დაკავებულებს შორის ცხინვალის რაიონის მოქალაქეები ჭარბობენ
ადმინისტრაციულ საზღვართან გახშირებული დაკავებების მიუხედავად, ერგნეთში, დღეს, გამართულ 72-ე მოლაპარაკებაზე აღნიშნეს, რომ ბოლო პერიოდში სიტუაცია სტაბილურია.

ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, მხარეები ცხელი ხაზის გამოყენების თაობაზე, კვლავ, მზადყოფნას გამოთქვამენ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრეს-სამსახურის ცნობით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაკავებები სტაბილურობისა და სიმშვიდოს დარღვევის საფრთხედ შეაფასეს.

,,შეხვედრაზე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე, ცხინვალის ე.წ. ციხეში, უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის გიორგი გიუნაშვილის საკითხზე იმსჯელეს და დააფიქსირეს, რომ მის მიმართ წაყენებული ,,ბრალდებები" არის უსაფუძვლო, გამოგონილი და შესაბამისად, აუცილებელია გიუნაშვილის უპირობო გათავისუფლება." - აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

ცხინვალის პროკურატურამ მას დე-ფაქტო რესპუბლიკის წინააღმდეგ ჩადენილ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში დასდო ბრალი.

ცხინვალის წარმომადგენელმა დავით სანაკოევმა ყურადღება ერგნეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ადმინისტრაციული საზღვრის დემარკაციის აუცილებლობაზე გაამახვილა.

მან ოსურ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ აუცილებელია სასაზღვრო ნიშნების დამონტაჟება ერგნეთთან, როგორც ეს ზნაურის რაიონისკენ გაკეთდა. დემარკაციის საკითხს საქართველოს ხელისუფლება კვლავ არ დათანხმდა.

სანაკოევის თქმით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ადმინისტრაციულ საზღვართან 28 ადამიანი დააკავეს.

,,აქედან, 10 საქართველოს მოქალაქეა" - განაცხადა სანაკოევმა.

იგი მიიჩნევს, რომ გამყოფ ხაზთან ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნების დაყენებით, ორივე მხრიდან მოქალაქეთა დაკავებები შემცირდება.

სანაკოევი ამბობს, რომ  საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გამოყენებული ტერმინები მიუღებელია.

განსაკუთრებით, ცხინვალის ხელისუფლებისთვის ისეთი ტერმინების გამოყენებაა მიუღებელი, როგორიცაა ,,გამოსყიდვა". აქ იმ თანხის გადახდაა ნაგულისხმევი, რომელსაც დაკავებული მოქალაქე, ცხინვალის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ე.წ. ჯარიმის სახით იხდის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები