ახალი ამბები
კასპში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალების მდგომარეობის თემაზე შეხვედრა გაიმართა
ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალების ცხოვრებას, პრობლემებსა და ადრეული ქორწინების თემას ეხებოდა კასპში გამართული შეხვედრა.

შეხვედრის მონაწილეებმა ოჯახში ძალადობისა და ნაადრევი ქორწინების პრობლემებსა და საკანონმდებლო რეგულაციებზე ისაუბრეს.

საუბარი გენდერული თანასწორობის კანონში შეტანილ ცვლილებებსაც შეეხო, რომლის მიხედვითაც ადგილობრივ თვითმმართველობებში უნდა შეიქმნას გენდერული თანასწორობის საბჭო და დაინიშნოს გენდერული მრჩეველი.

შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირებულობის თვალსაზრისით.

დასასრულს პედაგოგებმა შეხვედრის ორგანიზატორიები ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში მსგავსი დისკუსიების გასამართად მიიწვიეს, რომელსაც სკოლის მოსწავლეებთან ერთად მათი მშობლებიც დაესწრებიან.

შეხვედრის ორგანიზატორები ა/ო ,,ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ და საიას გორის ოფისი იყო. მას კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი, საკრებულოს წევრები, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფლების სკოლის დირექტორები და მასწავლებლები, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დისკუსია ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის 16 დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირება.

მსგავს შეხვედრა-დისკუსიებს ,,ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ გორის გენდერის მედიაცენტრთან ერთად ხშირად აწყობს პროექტის ,,ხმა მიეცი თანასწორობას“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით.






Print

სტატიის გამოყენების პირობები