საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სოფელ მეჯვრისხევში
პენსიონერების მიერ პოლიციის გამომძიებლის მიხეილ მთვარელიძის მიმართ
გამოთქმულ პრეტენზიებს ეხმაურება.
სამინისტრო განმარტავს, რომ 49 ხელწერილი პოლიციაში ბრალდებულის
ადვოკატმა მიიტანა. ამ ,,ხელწერილების" მიხედვით, ირაკლი იარდალაშვილს
ბრალი მხოლოდ 2 პენსიონერის თანხის მითვისებაზე წაუყენეს.
დანარჩენი 49 პენსიონერი კი, ,,ხელწერილების" მიხედვით, ირაკლი
იარდალაშვილს ,,არ უჩივიან".
პენსიონერები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის მიცემულ
ინტერვიუში ამბობენ, რომ ხელწერილები პოლიციის შენობაში გამომძიებელმა
მიხეილ მთვარელიძემ დააწერინა. მასთან ისინი მიკროავტობუსით
ბრალდებულის ოჯახის წევრებმა მიიყვანეს, რასაც დეტალურად ყვებიან.
შსს: ,,ირაკლი
იარდალაშვილი დაუსწრებლად მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში
უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, თაღლითობის და ყალბი
დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან
გამოყენების ფაქტებზე (საქართველოს სსკ-ს 220 -ე მუხლით, 362-ე მუხლის
მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“
ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით) და მის მიმართ გამოცხადდა
ძებნა.
,,რაც შეეხება გამომძიებელ მიხეილ მთვარელიძეს, მან აღნიშნულ საქმეზე
საგამოძიებო მოქმედებები ამოწურა. მედიაში გავრცელებული ინფორმაცია
იმის თაობაზე, რომ თითქოს მან, საქმის წარმოების პროცესში,
პენსიონერებს ხელწერილები ჩამოართვა, სიმართლეს არ შეესაბამება.
საქმეში არსებული ხელწერილები ბრალდებულ ი. ი.-ს ადვოკატმა შეაგროვა.
აღნიშნულ ხელწერილების თანახმად, 49 პენსიონერს ი.ი.- სთან პრეტენზია
არ ჰქონდა."
,,ასევე, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს
გამომძიებლის მხრიდან მოწმეებზე ზეწოლა განხორციელდა. საგამოძიებო
პროცედურების თანახმად, გამომძიებელი მოწმეებს, გამოკითხვის
დაწყებამდე, მხოლოდ მათ უფლება-მოვალეობებს აცნობს." -
აღნიშნულია შსს-ს
განცხადებაში.
რამდენად სიმართლეს შეესაბამება შსს-ს განცხადება ადვოკატის
მონაწილეობის შესახებ, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი
გადაამოწმებს.
იხ. ჟურნალისტური მოკვლევა:
მეჯვრისხევში 53 პენსიონერის თანხა დაიკარგა - პოლიციაში შედგენილი
ჩვენებები სადავო ხდება
სტატიის გამოყენების პირობები