ახალი ამბები
გორში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე აღინიშნა
დღეს გორის თეატრის ეზოში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო კამპანია გაიმართა.

აქციის ორგანიზატორი საქართველოს სახალხო დამცველის შიდა ქართლის ოფისის წარმომადგენლობა იყო.

კამპანიის ფარგლებში სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, სამოქალაქო განათლების დონის ამაღლების მიზნით, მოსახლეობას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ესაუბრნენ.

ახალგაზრდებს განუმარტეს სახალხო დამცველის ინსტიტუციის როლი და ფუნქციები, დაურიგეს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის ამსახველი ბუკლეტები, ფლაერები და სხვა სამახსოვრო საჩუქრები.

„ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტისა და კანონის უზენაესობის დასამყარებლად აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს ადამიანის უფლებების შესახებ საზოგადოებრივი ცნობადობის ამაღლებას, ფართო საგანმანათლებლო კამპანიის შემუშავება–განხორცილებას; დღევანდელი ჩვენი საინფორმაციო კამპანიაც ამ მიზანს ემსახურება“, – განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა თბილისში.

ღონისძიებები თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ოზურგეთში, გორში, ახალციხეში, თელავსა და მარნეულში ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის ოფისის საქმიანობის გაძლიერება საქართველოში“ მხარდაჭერით გაიმართა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები