სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ქალაქ გორში, ფერმერთა
მომსახურებისა და მექანიზაციის სერვისცენტრში „აგროქართლი“ აშშ-ის
საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), გაეროს განვითარების
პროგრამის (UNDP) და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების
ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-I კონსორციუმის წარმომადგენლებს
შეხვდა.
შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე და
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი მარიანა
მორგოშია ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების
ხელშემწყობ პროექტებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ კოორდინირებული
მუშაობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დაგეგმილი პროექტების უფრო
ეფექტიანად განხორციელებას.
ყურადღება გამახვილდა როგორც ფერმერთა მომსახურების ცენტრებისთვის
გაწეულ ტექნიკურ დახმარებაზე, ასევე სასაწყობო, სამაცივრე და
გადამამუშავებელი საწარმოების გაძლიერების მნიშვნელობაზე.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ამერიკის
შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)
მისიის დირექტორთან, დაგლას ბოლისთან, USAID/REAP-ისა და USAID/ZRDA-ს
პროექტების ხელმძღვანელებთან ერთად, შიდა ქართლის რეგიონში აშშ-ის
საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით შექმნილი
ფერმერთა მომსახურების ცენტრი და საწარმოები დაათვალიერა.
ფერმერთა მომსახურების და მექანიზაციის სერვის ცენტრი შპს
,,აგროქართლი“ USAID-ის პროექტის REAP დაფინანსებით შეიქმნა. ცენტრის
შექმნისთვის 134,250 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ცენტრი
დღეისათვის 11 400-ზე მეტ ფერმერს სთავაზობს ვეტერინარულ და
მექანიზაციით მომსახურებას; ცენტრის ბაზაზე ტარდება ტრეინინგები და
კონსულტაციები, 4 ჰა ფართობზე არსებულ სადემონსტრაციო ნაკვეთზე
მიმდინარეობს ფერმერთა მომზადება.
ქარელის მუნიციპალიტეტში შპს „ელენიქსტას“ სამაცივრე მეურნეობა
USAID/REAP-ის ფარგლებში შეიქმნა. კომპანია შეღავათიანი აგროკრედიტის
პროექტის ბენეფიციარია. სამაცივრე მეურნეობის შექმნისთვის ჯამში
529,460 აშშ დოლარის ოდენობით ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 200
000 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, 115,000 აშშ დოლარი
USAID/REAP ინვესტიცია. სამაცივრე მეურნეობაში წლიურად 300 ტონა ხილის
შენახვა-დასაწყობებაა შესაძლებელი. მეურნეობაში 5 ადგილობრივია
დასაქმებული.
კომპანია აერთიანებს პირველად წარმოებას, სამაცივრე ტექნოლოგიებს და
ხილის შრობას. კომპანია ადგილობრივ ბაზარს ამარაგებს როგორც ახალი,
ისე გამომშრალი ხილით. ,,ელენიქსტა“ პირველი ქართული კომპანიაა,
რომელმაც მომხმარებელს კურკაგამოცლილი შავი ქლიავის ჩირი შეფუთული
სახით შესთავაზა.
შპს „ელენიქსტა“ პროექტის ,,დანერგე მომავალი“ ბენეფიციარიცაა.
პროექტის ფარგლებში კომპანიამ 1 ჰა ატმისა და 10 ჰა ქლიავის ბაღები
გააშენა. ბაღის გასაშენებლად შპს „ელენიქსტამ“ სოფლის მეურნეობის
პროექტების მართვის სააგენტოს დაფინანსება 51 650 ლარი მიიღო.
ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარე ხილის გადამამუშავებელი კომპანია შპს
,,ქარელის აგროინდუსტრიული კომპანია“ წლიურად 75 ტონა სხვადასხვა
დასახელების ჩირს აწარმოებს. საწარმოში ჯამში 409 260 აშშ დოლარის
ოდენობით ინვესტიცია განხორციელდა. აქედან, 204 630 აშშ დოლარი
შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო გადამამუშავებელი და შემნახველი
საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში მიღებული
დაფინანსება - 163 704 აშშ დოლარი. პროდუქციის რეალიზება როგორც
ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე ხორციელდება. საწარმოში 20
ადგილობრივია დასაქმებული.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა,
სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის დონორი
ორგანიზაციების მიერ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდა.
„დონორი ორგანიზაციების დახმარებით შეიქმნა საერთაშორისო სტანდარტების
სამაცივრე მეურნეობები და განვითარდა ფერმერთა მომსახურების ცენტრები,
რაც თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა-განვითარებას, მოსავლის
დანაკარგების შემცირებას და ფერმერთა კონკურენტუნარიანობის ზრდას
უწყობს ხელს. დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რათა
მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს ყველა იმ სტანდარტის დაკმაყოფილება,
რაც ქართული პროდუქციის მსოფლიოს ბაზარზე გასვლას უზრუნველყოფს. ასევე
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო და დონორი ორგანიზაციების
საქმიანობა კოორდინირებულად ხორციელდება. ჩვენ გავაგრძელებთ ასეთი
ტიპის კომუნიკაციას, რათა მაქსიმალურად ეფექტიანად მოვახდინოთ
რესურსების განაწილება“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
„ჩვენ, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, პროექტის
USAID/ZRDA ფარგლებში, შიდა ქართლის სოფლების მოსახლეობას ცხოვრების
პირობების გაუმჯობესებაში ვეხმარებით. ჩვენთვის სოფლის მეურნეობის
სამინისტრო საიმედო პარტნიორია, განხორციელებული პროექტები კარგი
თანამშრომლობის მაგალითია, რაც მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა
USAID-ის მისიის დირექტორმა, დაგლას ბოლიმ.
სტატიის გამოყენების პირობები