ახალი ამბები
კვლევის მიხედვით გორში პოლიცია სექსმუშაკებს არ აჯარიმებს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ახალი მიმართულებით კვლევას აწამოებს.

ამ კვლევის მიხედვით, ქალთა მოწყვლადი ჯგუფის, სექსმუშაკების მიმართ გამოხატული ძალადობა ხშირ შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან ხორციელდება.

ყურადღებას აქცევენ იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ფაქტებს, რასაც პროსტიტუციაში ჩაბმული ქალების მიმართ სამართალდამცველები იყენებენ.

პრაქტიკა აჩვენებს, რომ სექსმუშაკების მიმართ ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლის გამოყენება ურჩევნიათ, ვიდრე აკრძალულ საქმიანობაზე ადმინისტრაციული სამართალდარვევის ოქმის შედგენა. ეს გარკვეულ სამუშაოს, კერძოდ, გარემოებების მოკვლევას უკავშირდება.

ძირითადად, ასეთი მუხლების გამოყენება თბილისში და იმერეთის რეგიონში ხდება. შიდა ქართლში მსგავსი ფაქტები არ დაფიქსირდა.

აღნიშნულმა სტატისტიკამ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისში დიდი მსჯელობა გამოიწვია. ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, თუ რატომ არ იყენებს პოლიცია სექსმუშაკების მიმართ ჯარიმებს.

პირველი გარემოება ის დასახელდა, რომ ქალაქში სექსმუშაკები არ მოძრაობენ; არ აქვთ სპეციალური შეკრების ადგილი. შემდეგ სახელდება ის ფაქტი, რომ პოლიცია თვითონაა დაინტერესებული სექსმუშაკებთან ურთიერთობით.

ერთ შემთხვევაში მათ იყენებენ დანაშაულებრივი სამყაროს წინააღმდეგ, ხოლო, მეორე შემთხვევაში თავად ახდენენ ძალადობას მათზე.

სტატისტიკამ აჩვენა, რომ ყველაზე მეტად სექსმუშაკების მიმართ კლიენტები ძალადობენ, ხოლო, მათ შემდეგ მოდის პოლიცია. მესამე ადგილზე კი, ოჯახის წევრები არიან.

Print

სტატიის გამოყენების პირობები