ახალი ამბები
ბარბარობის რიტუალები შიდა ქართლში
მთავარ ფოტოზე: ატენის ბარბარეში მიმავალი მლოცავები

შიდა ქართლში ისევე, როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, ბარბარობა პირველი მეკვლეობაა. ამის თაობაზე გორის ეთნოგრაფიული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელმა თამილა კოშორიძემ სპეციალური ნაშრომი დაწერა.


ბარბარობასთან დაკავშირებულ რიტუალებს ამ ნაშრომში ვრცელი ადგილი უკავია. 

მოკლე ისტორიები და ჩანაწერები

თამილა კოშორიძის მიერ მოძიებული მასალის მიხედვით, მეკვლე დიდხანს და დინჯად უნდა მჯდარიყო ტახტზე. თუ ის ადრე ადგებოდა, იმ წელს ოჯახის დიასახლისი კრუხს ვერ გააჩერებდა კვერცხებზე.

ამ დღეს ახალი სიძე აუცილებლად მივიდოდა სიდედრთან და საჩუქარს, ე.წ. "სასიდედროს" მიიტანდა.

"მთავარი მეკვლეობა ბარბარობა იყო. თუ ვინმეს ფეხი დაცდილი გვქონდა, იმას მოვიწვევდით, თუ არა და შემოსწრებული იქნება მეკვლე"

"ბარბარობა დილას ქართლელები ტახტზე ქერის, ხორბლის ან სიმინდის მარცვლებს მოაბნევდნენ უხვად და სახლში შემოსულ მეკვლეს ზედ დასვამდნენ, ფეხებს მოაკეცინებდნენ და თან დასძახებდნენ: - მეკვლევ, კარგად მოიკეცე, რომ წრეულს კრუხებმა კარგად გამოჩეკონ და წიწილები ბლომად მოგვცენო.

ამ დღეს ნაბადმოსხმულ კაცს შინ არ შეუშვებდნენ - ბარბალობას ნაბდიანი კაცის სახლში შესვლამ "მოფუზული" (მობუზული თ.კ.) წიწილები იცისო"

ალი (ფრონეს ხეობაში) - "ბარბალობას ჩვეულებისამებრ აცხობდნენ ლობიან პურებს და ზეთში გაკეთებულ ქადას. ამას ჯამზე დააწყობდნენ, მოიწვევდნენ მეკვლეს, რომელიც ნამცხვარს ხელში აიღებდა და დაილოცებოდა კარგ მოსავალზე. მეკვლეს ფეხებთან სიმინდს ან ხორბალს მიაყრიდნენ, ვითომც თესავდნენ და კარგ მოსავალს შესთხოვდნენ ბარბალეს. შემდეგ ნამცხვრებს შეჭამდნენ" .

ამავე დღეს ცხვებოდა ნიგვზიანი ქადები, რომლებიც გზაჯვარედინზე გაჰქონდათ, ჭრიდნენ და გამვლელ - გმომვლელს ურიგებდნენ, რომ ბავშვებს ინფექციური დაავადებები მშვიდობიანად მოეხადათ. ოჯახში იშლებოდა სუფრა, ანთებდნენ სანთლებს, ზოგი 7 ანგელოზის სახელზე 7 კაკალს ჩააგდებდა ცეცხლში, ზოგიც ხატისთვის დიდ ქადას - ცხრაფურცელას გამოაცხობდა).

მნიშვნელოვანია ის საჩუქარიც, რომელსაც მეკვლე მოიტანს. რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ტკბილეული. იყო შემთხვევა, როდესაც ბარბარობას ოჯახში შემთხვევით მისულ სტუმარს ჩანთაში ნიორი ჰქონდა და იმ წელს ოჯახში ბევრი უბედურება დატრიალებულა.

ამის შემდეგ ოჯახის პატრონი ისე შეშინებულა, რომ ბარბარობას სტუმრის მოსვლა აღარ უხაროდა.

დღეისათვის საქართველოს ყველა კუთხეში ბარბარობას ცხვება სამარხვო ლობიანები, ხოლო შიდა ქართლში ძველი ტრადიციული ოჯახის დიასახლისი აცხობს ნიგვზიან და "გულიან" (სამარხვო), ქადებსაც.



ფოტოზე: ბარბარეს მლოცველები (სერგი მაკალათიას ფოტო, 1930-იანი წლები, ლიახვის ხეობა)

სოფელ ქორდის ბარბარე

ქორდის ბარბარე მთელს ქართლში განთქმული ყოფილა როგორც " ბატონების" ანუ ყვავილის მამიდა და "ყვავილისაგან მფარველი ღვთაება". სალოცავი მდებარეობს ე.წ. ხაჩიურთ მამულში და მას ეს გვარი პატრონობდა. ხაჩიურები სოფ. ქორდში დღესაც ცხოვრობენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე წლის წინ, ხაჩიურების ინიციატივით, ქორდის მცხოვრებლებმა აღადგინეს ბარბარეს ტაძარი, თუმცა ეს მოხდა სპეციალისტების ჩარევის გარეშე, რამაც ტაძარს პირვანდელი სახე დაუკარგა.

მაკალათიას ჩანაწერის მიხედვით, ბარბარეში მლოცველი ორშაბათობით მიდის. აქ მეცნიერი არ აკონკრეტებს, რომელ ორშაბათს. როგორც ჩანს, ეს შესაძლებელი იყო მთელი წლის განმავლობაში - ყოველ ორშაბათს, განსხვავებით ზოგადქრისტიანული ბარბარობისა და ატენის ბარბარესაგან. ზოგი ამ დღეს უქმობდა კიდეც.

ბარბარეში ყოფილა ერთი დიდი, ამოღრუტნული ქვა, რომელშიც ესხა წყალი. თვალის ჩინი ვისაც აკლდა, ამ წყალს მოლესავდა და თვალებზე მოისვამდა. მლოცავის აზრით, თვალის ტკივილისათვის, ბატონები რომ უტოვებდა, ეს კარგი იყო.

"ბატონებისადმი" მიძღვნილი საინტერესო რიტუალი დაუდასტურებია მ. ხუციშვილს ფრონეს ხეობაში:

"როცა ბატონებით არის ბავშვი ავად, დედა აკეთებს ბაზმას და დგამს ოთახის ოთხივ კუნჭულში. ერთს დაიდგამს ბეჭებზე ანთებულს, წაიკუზება ისე, რომ მკერდით მიწას ეხება და თან ბოდიშობს ბატონებთან. თუ ბავშვი დამძიმდებოდა და ის თვალებს ვერარ ახელდა, მაშინ მას უყიდიან თეთრ თხასა, შეუღებავენ წითლათა თავსა, ყელზე მოახვევენ წითელს და შეიყვანენ სახლში და ბავშვს ჰკითხავენ, აბა რა მოგიყვანეთო. შემდეგ სამჯერ შემოატარებენ ავადმყოფს. 6 კვირის შემდეგ დაკლავენ და ბავშვებს აჭმევენ".

როდესაც ავადმყოფი ყვავილისაგან მორჩება, კაკლის ტანზე " ბატონების ჯვარს" ამოჭრიან და ყელზე შეაბამენ.

"ეს კაკლის ხეც ბატონებზეა მიკუთვნილი და როცა ის დაიბერტყება, იმის ნიგვზისაგან ქადებს აცხობენ და ბარბარეში მიაქვთ. ნებლისაგან კი ბაზმას აკეთებენ და კალმასზე მიაქვთ"

ბატონების გასტუმრების შემდეგ, ოჯახი მიდიოდა ქორდის ბარბარეში. ნაავადმყოფარი აუცილებლად თეთრებში იყო გამოწყობილი, გულზე ეკიდა თვალის კაკლები ან კაკლის ჯვარი და ხელში ხატის დროშით მუხლის მოყრით სამჯერ შემოუვლიდა ბარბარეს.

სერგი მაკალათიას, ბარბარეს მლოცველებისათვის, ფოტოც გადაუღია, სადაც ბავშვები (სავარაუდოდ ნაავადმყოფარი, ბატონებ გასტუმრებული) თეთრებში არიან გამოწყობილნი. შესაწირს ამწყალობებდა "ხაჩიაანთ" გვარის მნათე. ამის შემდეგ მლოცველები ბარბარეს ეზოში სუფრას გაშლიდნენ და "ბატონების" სადღეგრძელოს სვამდნენ.



ფრონეს ხეობაში დასტურდება ბარბარესათვის შესაწირი მამლის ხორცის ჭამის აკრძალვა: "ბატონებით რომ ბავშვი შეიავზნიანებს, ძიელ რო გახდება ავათა, დაიჭერენ მამალსა და შემოავლებენ თავზე კაი ბატონები თავზე შემოგვივლია, ბარბარეში წავიდეთ, ხოლო ამ ქათმის ხორცი თითონ არ ვჭამოთო." მართლაც, ნაავადმყოფარს არ აჭმევენ ამ ხორცს.

ფრონეს ხეობის სოფლებში ბატონების შესაწირავში ჩნდება თხა.

"როცა ბავშვს ბატონების დროს თვალები უხუჭია და აღარ ახელს, უყიდიან თეთრ თხასა, შეუღებავენ თავს წითლათა, ყელზე მოახვევენ წითელს, შეიყვანენ სახლში და ბავშვს ჰკითხავენ, აბა რა მოგიყვანეთო. შემდეგ სამჯერ შემოუტარებენ ავადმყოფს და 6 კვირის შემდეგ დაკლავენ და ბავშვის ამხანაგებს აჭმევენ. ბავშვიც, როცა თხას შეიყვანენ, ძალაუნებურად თვალს გაახელს. მერე მორჩენილი ბავშვი ატარებდა ხოლმე თხას".

ქორდის ბარბარეს ორშაბათს ლიახვის ხეობის მოსახლეობა ყვავილების ორშაბათსაც უწოდებდა. ქორდის ბარბარეს შესახებ საუბრისას სერგი მაკალათია აქცენტს მხოლოდ მის ბავშვთა ინფექციური დაავადებებისაგან განკურნების ფუნქციაზე აკეთებს, თუმცა, თამარ კოშორიძის მიერ სოფ. ქორდში დადასტურებულია ბარბარესთან დაკავშირებული სხვა საწესო ქმედებანიც.

კერძოდ, ახლადმოგებული ძროხის რძის გამოყენებამდე, ამზადებდნენ ერბოს ზედაშეს და მისგან გამომცხვარ ქადებთან ერთად მიჰქონდათ სალოცავში. მოსახლეობის რწმენით, ამის შემდეგ საქონელი უხვად მოიწველებოდა და მისი რძე განსაკუთრებით "ღალიანი" იქნებოდა.



ეს რიტუალი კალენდარულ ბარბარობას არ სრულდებოდა, რადგან ამ დღეს მარხვა იყო და მორწმუნე მლოცავი ცხოველური ცხიმით გამომცხვარს სალოცავში არ მიიტანდა.

თუმცა, თამარ კოშორიძე ვარაუდობს, რომ აქაც წინაქრისტიანულ აგრარულ ჩვევასთან გვაქვს საქმე. ქორდის ბარბარე არა მარტო რამდენიმე სოფლის, არამედ მთლიანად დიდი და პატარა ლიახვის სოფლების მოსახლეობის უმნიშვნელოვანეს სალოცავად ითვლებოდა.

ატენის ბარბარე

თუ ქორდის ბარბარეში მლოცავი მიდიოდა ყოველ ორშაბათს, ატენის ბარბარეში ეს დაწესებული დღეა. აქ მლოცავი მიდის აღდგომის შემდეგი კვირის-კვირაცხოვლობის მეორე დღეს და შემდეგ ყოველ ორშაბათს.

ატენის ბარბარეს სამლოცველი მდებარეობს გარდატენში (სოფლის ერთ-ერთი უბანი. თ.კ.) და წარმოადგენს პატარა ეკლესიას. ამ დღეს აქ ბევრი მლოცავი მიდის გორის რაიონის სხვადასხვა სოფლებიდან,

განსაკუთრებით ისინი, ვისაც ბატონებისაგან შეთქმული აქვს აქ გამოლოცვა.

"მლოცავები ბარბარეს ეკლესიას სამჯერ შემოუვლიან შესაწირით: ზოგს იღლიაში მამალი ჰყავს და ხელში სანთლები უჭირავს, ზოგი უვლის ცხვარ-ბატკნით, რომელსაც ყელზე შებმული აქვს წითელი ჩვარი. მოჰყავთ უმთავრესად ბავშვები, ვინც ყვავილნახადია. ბავშვს ყელზე ჰკიდია შეტრუსული კაკლის ყელსაბამი, ზოგს კაკალი ხელში უჭირავს, ასე შემოუვლის, შემდეგ ამ კაკლებს ამტვრევენ და ცეცლზე ჰყრიან. სანთლებს აკრავენ ეკლესიის კედლებზე (ალბათ იმიტომ, რომ ტაძარი ამ დროისათვის თითქმის დანგრეული იყო თ.კ.).

მამლებს აფრენენ ვისაც შეთქმული აქვს და ვინც მოასწრებს - ის იჭერს. მლოცავი შედიოდა ეკლესიის ნანგრევში, ანთებდა სანთელს, ჰკიდებდა სანთლისგან გაკეთებულ თვალის კაკლებს, მუხლის მოყრით ლოცულობდნენ, ტოვებდნენ უღლებს, წითელ დროშებს, კაკლის ჯვრებს და სხვ".

აქ საინტერესოა ხატისათვის შესაწირი დროშის ფერი. ქორდის ბარბარეში დროშა თეთრი ფერისაა. ატენის ბარბარეში, კი წითელი. საერთოდ, ქართულ ეთნოგრაფიულ სინამდვილეში, ბატონებისათვის შესაწირში დომინირებს სწორედ წითელი ფერი:

" წითელები რო ჭირს, შინდის კურკას თეფშზე დავაწყობ და დავანთებ კარგია წითელებისთვინა. თხოულობს წითელები შინდის კურკას. წითელი ეამება იმას. წითელი უნდა ყოფილიყო ქათამი ბარბალეში. ბარბალე წითელი ყვავილის ანგელოზია. ლენტი უნდა გაუკეთო წითელი, ტანისამოსი და ისე უნდა წაიყვანო"

მართალია აქ საუბარია კონკრეტულად წითელაზე, მაგრამ მასალა ცხადყოფს, რომ "ბატონებს" წითელი ფერი უყვართ. აქ მკვლევარს უჩნდება ერთი კითხვა: ქორდის ბარბარეს დროშის ფერი კავშირში ხომ არ არის ბარბარეს აგრარულ ხასიათთან (ძროხის რძისა და ღალის მომატებასთან).

ნაშრომი ქვეყნდება შემოკლებით
Print

სტატიის გამოყენების პირობები