ერთ-ერთი პიროვნება, რომელსაც ბორჯომში, ტელეკომპანია ,,იბერიის"
ჟურნალისტის გიორგი გასვიანის ცემაში ედება ბრალი, ფოტოზე ასახული
პიროვნებაა.
იგი ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი მიხეილ
ხუციშვილია.
ჟურნალისტ გიორგი გასვიანის განცხადებით, სამართალდამცველებმა, მიხეილ
ხუციშვილის მონაწილეობით, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა
მიაყენეს.
ტელეწამყვანი ადამიანის უფლებათა დაცვის სემინარზე მიდიოდა.
ჟურნალისტთან ინტერვიუ რადიო ჰერეთმა ჩაწერა.
რადიო
ჰერეთთან საუბარში
გიორგი გასვიანი ამბობს, რომ მას გზაზე მანქანა მოუცურდა, რასაც
შეესწრნენ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელები, რომლებიც
მანქანის გაჩერების შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მას შემდეგ, რაც პოლიციის თანამშრომლებმა გაიგეს, რომ ჟურნალისტი იყო,
იარაღის მიბჯენით დაემუქრნენ, რომ მომხდარი არ გაემხილა.
გასვიანის მტკიცებით, ბორჯომის პოლიციის თანამშრომელი, მიხეილ
ხუციშვილი, აგრესიულობით გამოირჩეოდა. შემთხვევა სასტუმრო ბორჯომი
კროუნ პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, გამოძიება ობიექტურად
ჩატარდება და ფაქტს სათანადო რეაგირება მოყვება.
საქმეს პროკურატურა იძიებს.
,,2016 წლის 19 დეკემბერს, შინაგან საქმეთა ბორჯომის რაიონულ
სამმართველოში, 112-დან მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის
პირველი ნაწილით. საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულმა ტელეკომპანია
„იბერიას“ ჟურნალისტმა გიორგი გასვიანმა განმარტა, რომ მის მიმართ
განხორციელებულ ძალადობაში მონაწილეობდნენ პოლიციის
თანამშრომლები.
"აღნიშნული გარემოების გამოვლენისთანავე, შემდგომი გამოძიების მიზნით,
საქმე გადაეცა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო
ნაწილს. საქმის კვალიფიკაციას დაემატა საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი. საქმეზე
მიმდინარეობს საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, იკითხებიან
მოწმეები, მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, დანიშნულია
და ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. გამოძიების შედეგების
შესახებ ეცნობება საზოგადოებას", - ნათქვამია პროკურატურის
განცხადებაში.
სტატიის გამოყენების პირობები