ახალი ამბები
ხილ-ბოსტნეულის იმპორტიორი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მოტყუებით ქონებრივი დაზიანების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით, შ.პ.ს. ,,მედეა“-ს, შ.პ.ს. ,,ნიკა“-ს, შ.პ.ს. ,,მარი“-ს, შ.პ.ს. ,,საბა 11“-ს და შ.პ.ს. ,,ევროლუქსი“-ს ფაქტობრივი ხელმძღვანელი დააკავა.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრადებულმა ზემოაღნიშნული კომპანიების სახელით საქართველოში განახორციელა 32 263 347 ლარის ღირებულების ხილ-ბოსტნეულის იმპორტი და რეალიზაცია, რა დროსაც ხელოვნურად დამალა იმპორტირებული საქონლის საქართველოში რეალიზაციის ფაქტები და ბუღალტრულად ბიუჯეტის წინაშე აჩვენა, რომ თითქოს იმპორტირებული საქონელი სრულად არ ჰქონდა რეალიზებული და ნაშთად ერიცხებოდა.

ამგვარი სქემით, გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ზემოთაღნიშნულ კომპანიებზე ხელოვნურად დაიგროვა ზედმეტობა 1 090 741 ლარის ოდენობით დამატებითი ღირებულების გადასახადში და აღნიშნული არამართლზომიერად წარმოშობილი ზედმეტობის თანხებით განახორციელა იმპორტირებულ პროდუქციაზე გაანგარიშებული საბაჟო გადასახადელების ფიქტიური გადახდა, რითაც მოტყუებით 1 090 741 ლარის ოდენობით ქონებრივად დააზიანა სახელმწიფო.

ასევე ბრალდებულმა აღნიშნული საქმიანობით მიღებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლებს მისცა კანონიერი სახე, კერძოდ შეიძინა და ახლო ნათესავების სახელზე დაარეგისტრირა უძრავ-მოძრავი ქონება.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე და 194-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები