ოპერაში ქეთი მელუასა და გორის ქალთა კამერული გუნდის ევროპული ტურნეს
დასკვნითი კონცერტი გუშინ, 20 დეკემბერს გაიმართა.
მსმენელები უნიკალური ალბომის, In Winter - პრეზენტაციას
დაესწრნენ.
დასკვნითი კონცერტი, ოპერის ადმინისტრაციის ცნობით, კულტურისა და
ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.
თბილისის
ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ქეთი
მელუასა და გორის ქალთა გუნდის ევროპული ტურნეს დასკვნით
კონცერტს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი
გიორგი აბაშიშვილიც
დაესწრო.
გიორგი აბაშიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის სახელით ქეთი მელუას
ღირსების ორდენი გადასცა.
ქართველი მომღერალი ღირსების ორდენით საზღვარგარეთ ქართული კულტურის
პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი
შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის დაჯილდოვდა.
ქეთი მელუას ბოლო ალბომი, სახელწოდებით In Winter („ზამთარში”), 2016
წლის ოქტომბერში გამოვიდა. ის მომღერლისა და გორის ქალთა კამერული
გუნდის ერთობლივი პროექტია, რომელიც 2015-2016 წლებში, საქართველოში
ჩაიწერა.
პარალელურად, 28 ოქტომბრიდან 14 დეკემბრის ჩათვლით, დაიგეგმა
ერთობლივი ევროპული ტურნე: 28 კონცერტი გერმანიაში, ჰოლანდიაში,
საფრანგეთში, დანიაში, შვედეთში, პოლონეთში, შვეიცარიაში, ბელგიასა და
დიდ ბრიტანეთში. პროექტი წარმატებით მიმდინარეობს და საქართველოს
კულტურის პოპულარიზაციის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური
პროექტია ევროპაში.
„სრული ექსპერიმენტია. მე სხვა ჟანრში ვმღერი, გუნდის რეპერტუარი
აბსოლუტურად განსხვავებულია, არადა ერთგვარ მიქსს ვაკეთებთ“ - ამბობს
ქეთი მელუა ერთობლივი პროექტის შესახებ და გორის ქალთა კამერულ გუნდს
„სრულიად უნიკალურ ვოკალურ ორკესტრს“ უწოდებს.
ქეთი მელუა - ბრიტანეთის ერთერთი ყველაზე წარმატებული მუსიკოსია,
გაყიდული აქვს 11 მილიონზე მეტი ალბომი, 1 მილიონი ბილეთი, მიღებული
აქვს 56 პლატინის ჯილდო. 2006 წელს ის დასახელდა ყველაზე გაყიდვად
არტისტად, ხოლო 2007 წელს მისი ალბომი Pictures („სურათები“) ევროპული
ჩარტების სათავეში მოექცა.
2010 წლის მაისში ქეთი მელუამ გამოსცა ალბომი The House („სახლი“),
რომლის პროდიუსერიც რამდენიმე გრემის მფლობელი, ინგლისელი მუსიკოსი და
კომპოზიტორი, უილიამ ორბიტია.
ქეთი მელუას რიგით მეხუთე ალბომი Secret Symphony („საიდუმლო
სიმფონია“), 2012 წელს გამოიცა და მასში შევიდა ფრანსუაზა არდის, რონ
სექსსმიტის, ფრენსის ჰილისა და ჯიმი კოქსის სიმღერები. მისი მეექვსე
ალბომი Ketevan („ქეთევანი”) გამოვიდა 2013 წლის 16 სექტემბერს და
პირველივე კვირას გახდა არა მხოლოდ ბრიტანული, არამედ ევროპული
ჩარტების ლიდერი.
გორის ქალთა კამერული გუნდი შეიქმნა 1970 წელს, საქართველოს სახალხო
არტისტის, რუსთაველის პრემიისა და ზაქარია ფალიაშვილის პრემიის
ლაურეატის, შალვა მოსიძის მიერ. გუნდი არაერთი საერთაშორისო საგუნდო
მუსიკის კონკურსის ლაურეატია, მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო
ფესტივალში, მისი რეპერტუარი მოიცავს როგორც ქართველი, ისე ევროპელი
კომპოზიტორების ნაწარმოებებს. 2013 წლიდან გუნდს თეონა ცირამუა
ხელმძღვანელობს.
სტატიის გამოყენების პირობები