ახალი ამბები
ლოჯისტიკის რეგიონული სამსახურიდან 25 სამხედროს უშვებენ
ამის თაობაზე სამხედროები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს დაუკავშირდნენ.

მათი თქმით, გათავისუფლებები უკანონოდ ხორციელდება და თანამდებობებზე ისეთ პირებს ტოვებენ, რომლებიც სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებში ფიგურირებენ.

კერძოდ, გორის სატანკო ბატალიონიდან 5 ტონა ჯართის მოპარვის, საწვავის არამიზნობრივად ხარჯვისა და სამხედროებს შორის, ე.წ. ,,ობშჩიაკის" აკრეფვის  ფაქტზე.

როგორც სამხედროებმა გვითხრეს, რეგიონულ სამმართველოში სულ 113 პირი მუშაობს, აქედან, 25 მათგანი, პირადი ინტერესების საფუძველზე მოხსნეს.

სამხედროები იმ სისხლის სამართლის საქმეებზე საუბრობენ, რომელიც შიდა ქართლის სამხედრო პოლიციაში ჯერ კიდევ ძიების პროცესშია.

,,სამსახურიდან ვინ გვიშვებენ იცით? ისეთი ხალხი, რომელიც გორის სატანკო ბატალიონიდან 9 ტონამდე ჯართი მოიპარეს. საწვავებს ყიდიდნენ და ყოველთვიურად 40-40 ლარს სამხედროებისგან კრეფდნენ, თითქოს, რომელიღაც თანამშრომლის ბებიის ან ბიძის გარდაცვალებაზე შესაწირს აგროვებდნენ. ეს ყველა მასალა სამხედრო პოლიციაში დევს და უამრავი ადამიანი ჰყავთ დაკითხული" - გვითხრა გათავისუფლებულმა სამხედრომ.

ისინი სამართლებრივი დახმარების კუთხით საიას გორის ოფისში იმყოფებოდნენ და კონსულტაციები გაიარეს.

ვითარების ოფიციალური ნაწილის გაცნობის კუთხით, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი დამატებით დეტალებს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურიდან მოიძიებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები