გოსტიბე-ცხავერის გზის მშენებლობა ქარბუქშიც გრძელდება
19:18 / 23.12.2016
გოსტიბესა და ცხავერამდე გზის რეაბილიტაციის პროცესი მომავალ წლამდე
გაგრძელდა.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კომპანია
,,ჩელიაბინსკტრანსსიგნალის" წარმომადგენელმა ნიკოლოზ სიბაშვილმა
განუცხადა.
მისი თქმით, ამინდის გაუარესების გამო, ცხავერამდე შესრულებული
სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი გაზაფხულზე გაფორმდება.
რაც შეეხება მის ზემოთ მდებარე სოფელ გოსტიბეს, ნიკოლოს სიბაშვილის
თქმით, 2017 წლის განმავლობაში ისიც დასრულდება.
კასპის ზედამხედველობის სამსახურის განყოფილების უფროსი ქეთევან
წივწივაძე ამბობს, რომ კომპანია, ცუდ ამინდში, მხოლოდ ბეტონის
სამუშაოებს არ ასრულებს.
კურორტ გოსტიბემდე მისასვლელი 14,5 კმ-იანი გზის მონაკვეთის
მშენებლობას ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „სამშენებლო - სამონტაჟო
საექსპლოატაციო საწარმო ჩელიაბინსკტრანსსიგნალი" ასრულებს.
ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით, ცხავერი-გოსტიბეს
გზის რეაბილიტაცია 625 500 ლარი ჯდება.
გოსტიბე კასპის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქის თემში, თრიალეთის ქედის
ჩრდილოეთ მთისწინეთში მდებარეობს, მდინარე გოსტიბესწყლის ნაპირებზე;
ზღვის დონიდან 1550 მეტრზე.
სოფლის სტატუსი დაუბრუნდა 1980 წლის 11 სექტემბერს. ბოლო მონაცემებით
სოფელში ცხოვრობს 45 ადამიანი.
სტატიის გამოყენების პირობები