ახალი ამბები
პრეზიდენტის განკარგულებით 175 მსჯავრდებული შეიწყალეს
საქართველოს პრეზიდენტმა 175 პირი შეიწყალა

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“ ხელი დღეს მოაწერა.

განკარგულება უკვე გადაეგზავნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს.

122 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას, მათ შორის 12 ქალბატონი; დანარჩენ 53 მსჯავრდებულს, რომელთაგან 2 ქალბატონია, შეფარდებული სასჯელი შეუმცირდება სხვადასხვა ფორმით.

„შეწყალების საკითხთა კომისია მუშაობდა 2016 წლის 13 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით და შეიმუშავა კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც მიაწოდა პრეზიდენტს. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ დღეს, 27 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 175 მსჯავრდებული, რომელთაგან 14 ქალბატონია“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები