გორის ჯაზ-ბენდის ,,კანუდოსის" წევრები ბაკურიანში დაგეგმილ კონცერტზე
აღარ წაიყვანეს.
გამგზავრებამდე ორი საათით ადრე მუსიკოსებს განუცხადეს, რომ კონცერტი
აღარ გაიმართებოდა, რადგან მიკროავტობუსის დაზიანების გამო, მათი
ტრანსპორტირება შეუძლებელი გახდა.
ეს ამბავი, როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია,
ჯგუფის წევრებს მერის მრჩეველმა შალვა ტლაშაძემ აცნობა.
შალვა ტლაშაძე ამბობს, რომ ჯგუფის წევრებისთვის პირადად მას არ უნდა
დაერეკა:
,,ჩემი დანაშაული, მხოლოდ, ისაა, რომ გუნდის წევრებს დავურეკე.
იმიტომ, რომ მე მქონდა მათი საკონტაქტო ნომრები. სინამდვილეში,
ბაკურიანში კონცერტი ჩვენ, ანუ მერიის სამსახურის წარმომადგენლებს არ
დაუგეგმავთ." - აცხადებს შალვა ტლაშაძე.
როგორც მან გვითხრა, ბაკურიანში ერთერთი ადგილობრივი არასამთავრობო
ორგანიზაციის პროექტის დახურვის ცერემონიალი ჯაზ-ბენდის კონცერტით
უნდა აღნიშნულიყო.
,,ამ ორგანიზაციას ჩვენ, თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში,
დავუფინანსეთ პროექტი. 23 დეკემბერს ბავშვები წაიყვანეს ბაკურიანში.
26 დეკემბერს კი, კონცერტი უნდა გამართულიყო. ,,კანუდოსთან"
ურთიერთობა მათ ჰქონდათ. 26 დეკემბერს ამ ორგანიზაციის
წარმომადგენლებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ მიკროავტობუსი დაზიანდა,
გორიდან კი მუსიკოსებს ვეღარ წავიყვანთო. რადგანაც, საკონტაქტო
ნომრები მქონდა, ეს ამბავი ჯგუფის წევრებს მე შევატყობინე" -
განმარტავს შალვა ტლაშაძე.
მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციას თანხა მერიისგან ჯერ არ
ჩარიცხვია.
,,წარმოადგენენ ხარჯთაღრიცხვას და იმის მიხედვით მოხდება თანხის
გადარიცხვა. მათ შორის რა ურთიერთობა იყო და ხელშეკრულება დადებული
იყო თუ არა, ეს დეტალები ჩვენთვის ცნობილი არაა" - აცხადებს შალვა
ტლაშაძე.
ჯაზ-ბენდის წევრებმა კი, ბაკურიანის კონცერტზე წასასვლელად
რეპეტიციები გაიარეს, მოსამზადებლად დრო დახარჯეს და მიკროავტობუსს
სარეპეტიციოში ელოდებოდნენ.
ჯგუფი 2007 წელს გიტარისტმა, ნიკოლოზ ღვინიაშვილმა ჩამოაყალიბა.
ბენდი, მშობლიურ ქალაქში, შექმნის დღიდან მალევე გახდა პოპულარული.
რეპერტუარი შეადგენს ძირითადად პროგრესულ, მოდერნისტულ ჯაზს და
ფუჟენს, ფანკის ბლუზის და სოულის ელემენტებით.
მისი წევრები არიან: თეო ლომსაძე (ვოკალი), ნიკოლოზ ღვინიაშვილი (რითმ
გიტარა) რამაზ ნადირაძე (სოლო გიტარა); გია დალაქიშვილი (ბას გიტარა);
თორნიკე ლომსაძე (ფლეიტა, საქსოფონი) მიხეილ ჯინისიანი (დასარტყამი
ინსტრუმენტები)
სტატიის გამოყენების პირობები