ახალი ამბები
საახალწლო ღონისძიებებისა და კონცერტების გრაფიკი გორში
გორში ახალი წლის დღეებში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიიდან მიაწოდეს

მერიის პრეს-სამსახურის ცნობით,  30-31 დეკემბერს 19:00 საათიდან გვიან ღამემდე გორის ქუჩებში მანქანა ივლისს, რომელიც ქალაქში საახალწლო განწყობის შექმნას შეეცდება.

სატრანსპორტო საშუალებაზე ზღაპრის გმირები და ანიმატორები ისხდებიან, რომლებიც ბავშვებს ტკბილეულს დაურიგებენ.

31 დეკემბრის ღამეს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ღია ცის ქვეშ კონცერტი გაიმართება.

იმღერებენ რუსა მორჩილაძე, აჩიკო მეფარიძე, გიორგი ბუშელაშვილი, გიორგი ნადიბაიძე, ოთო ნემსაძე, გიორგი მოციქულაშვილი, თამარ მურადაშვილი, თიკო ჭულუხაძე, მელანო ფისაძე, ემზარ იორამაშვილი, მიშიკო კოშკაძე, მაია შარაშენიძე და ანსამბლი „გორი“.

24:00 საათზე მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას ახალ წელს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მიულოცავენ. საახალწლო კონცერტი გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდება.

3-დან 6 იანვრის ჩათვლით გორის მუნიპალიტეტის მერიის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში საახალწლო ნაძვის ხის ზეიმი გაიმართება. ღონისძიებას 2 400-მდე ბავშვი დაესწრება, რომელთა შორის იქნებიან დევნილი, სოციალურად დაუცველი და განსაკუთრებული შესაძლებლობის მქონე პატარები. ყველა ბავშვს გადაეცემა საახალწლო საჩუქარი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები