ახალი ამბები
მარტო მთაში - ციალა თაბუაშვილს პენსიამდე 3 წელი დარჩა
ციალა თაბუაშვილი სოფელ ცხავერში მარტო ცხოვრობს.

ბოლო რვა თვის განმავლობაში, ჯერ მეუღლე, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, შემდეგ მამამთილი გარდაეცვალნენ.

ოჯახის შემადგენლობის კონტინგენტთა შეცვლისა და ინვალიდობის ჯგუფისთვის გათვალისწინებული შემწეობის შეწყვეტის შემდეგ სოციალური დახმარებაც მოეხსნა.

ციალა თაბუაშვილი ჯერ მხოლოდ 57 წლისაა, პენსიის დანიშვნამდე კი, 3 წელი აკლია.

ზღვის დრონიდან 1250 მ სიმაღლეზე მდებარე სოფელში ზამთრის პერიოდში 10-მდე კომლი ცხოვრობს. მანძილი საცხოვრებელ სახლებს შორის დიდია.

ყოველდღიურად, სოციალური შემწეობის არმქონე ქალბატონი იმ ოჯახებს ეხმარება, ვისაც ბევრი საქონელი ჰყავს. საქონლის მოვლაში კი გარკვეულ გასამრჯელოს იღებს, რაც საკმარისი არაა.

ერთ ოთახში ტელევიზორი, ღუმელი, მაგიდა, საწოლი დგას. ამ ოთახს კედლები გაბზარული აქვს, საიდანაც სიცივე შედის.

ე.წ. შუშაბანდში კი საერთოდ გადანგრეულია. აქ კედლის როლს პოლიეთილენის პარკი ასრულებს, თუმცა, ქარბუქში ფაქტობრივად მხოლოდ ქარს აკავებს.

,,ზაფხულში ცოტა რაღაც თუ მომყავს სახლის წინ და ნაკვეთში, მაგით გამაქვს ზამთარში თავი. ფქვილს ვყიდულობ. ერთ ტომარას შეშაზე რომ ბიჭები დადიან დიდი მანქანებით, იმათ ვაბარებ ხოლმე. პურს ღუმელში ვაცხობ. მაღაზია არ არის აქ. თუ რამე სასწრაფოდ დაგვჭირდება, ფეხით უნდა ჩახვიდე სოფელ ახალციხემდე. გზაში ან მგელი შეგჭამს, ან მგლისფერი." - ამბობს ციალა თაბუაშვილი.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები