ახალი ამბები
ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლში საახალწლო საჩუქრები მიიტანეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში ხანდაზმულთა საცხოვრებელ სახლში საახალწლო საჩუქრები მიიტანეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგეობის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, მარტოხელა ადამიანებს ახალი წელი მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა და სხვა თანამშრომლებმა მიულოცეს.

ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლი გასულ წელს გაიხსნა.

,,სახლი საზღვრების გარეშე" ხანდაზმულებს მულტიპროფილურ სერვისს სთავაზობს, როგორიცა დღის ცენტრის მომსახურება, შინმოვლის სერვისი და სათემო 24 საათიანი მომსახურება (თავშესაფარი).

აღნიშნული ცენტრი გამყოფი ხაზის სოფლების, ხურვალეთის, წითელუბნის, ნადარბაზევის, ასევე ხურვალეთისა და შავშვების დევნილთა ჩასახლებების მოსახლეობისთვის აშენდა.

სახლის ხელმძღვანელი აფხაზეთიდან დევნილი ლუდმილა სალიაა. მან ეს პროექტი გერმანული ორგანიზაციის "არბაიტერ-სამარიტერ-ბუნდის", საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრ "აფხაზეთისა" და ამერიკის განსახლების, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით, განახორციელა.

იმავე დღეს, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის აღსაზრდელებთან მივიდნენ და მათაც ტკბილეული მიუტანეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები