ახალი ამბები
სკოლებისთვის აქტივობების განსახორციელებლად მერიაში ახალი პროგრამა დამტკიცდა
დღეს, ქალაქ გორის საჯარო და კერძო სკოლებში კლასგარეშე აქტივობების განხორციელების, აქტუალური თემებისა და პროექტების წამოწევის მიზნით, განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამა დამტკიცდა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე, ხმათა უმრავლესობით მიიღეს.

მერიის განათლების განყოფილების წარმომადგენლების მიერ შემუშავებული პროგრამის მიხედვით, ხელი შეეწყობა პროექტების დაგეგმვა-პრეზენტაციას, მოსწავლე-ახალგაზრდობაში ცნობიერებისა და მოტივაციის ამაღლებას, აგრეთვე ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი საჯარო და კერძო სკოლების ურთიერთთანამშრომლობასა და კოორდინაციას.

ჯამში, აღნიშნული პროგრამის განსახორციელებლად 2017 წლის განმავლობაში 35 ათასი ლარია გათვალისწინებული.

განისაზღვრა პრიორიტეტული მიმართულებები:

ა) საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულება (ეკოლოგია, გარემო და მდგრადი განვითარება; ბიოლოგია, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია , სოფლის მეურნეობა, ფიზიკისა და ქიმიის როლი ადამიანის ცხოვრებაში და ა. შ.);

ბ) სოციალურ-საგანმანათლებლო მიმართულება (მაგ: მოსწავლეთა ხედვა და კვლევები სხვადასხვა საჭიროებებზე - სკოლა და ოჯახი, მოსწავლე და მასწავლებელი, ურთიერთობის ფორმები თანატოლებთან და უფროსებთან, ინკლუზია სკოლის ცხოვრებაში და ა. შ. )

გ) არაფორმალური განათლება (სამოქალაქო განათლება - პიროვნული განვითარება, სამოქალაქო აქტივიზმი, ცნობიერების ამაღლება, მოსწავლე და სკოლის თვითმართველობა, ტრენინგები, საინფორმაციო შეხვედრები, საველე თემატური გასვლითი აქტივობები, ა. შ. );

დ) კულტურულ-საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობები (მაგ. მხიარულთა და საზრიანთა კლუბი; საქალაქო ოლიმპიადები და ა. შ.)

თემატური ექსკურსიების მოწყობა ქ. გორის კერძო და საჯარო სკოლების იმ მოსწავლეებისათვის, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული საგანმანათლებო-შემეცნებით პროექტებში და მოიპოვეს საპრიზო ადგილები.

პროგრამის ფარგლებში მოხდება სკოლის კურსდამთავრებულების ფინანსური წახალისება ერთიან ეროვნული გამოცდებში ყველაზე მაღალი რეიტინგის (საგრანტო ქულის - 100 % ) მიხედვით, რომლის საფუძველზეც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება;


Print

სტატიის გამოყენების პირობები