ახალი ამბები
,,ენმ"-ს ყრილობას შიდა ქართლიდან 416 დელეგატი დაესწრება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე შიდა ქართლის ოთხივე რაიონული ორგანიზაციიდან 416 დელეგატი.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ბადრი ბასიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, 416 დელეგატიდან 206 გორიდან იქნება.

„სადაც ვიყავით, ისევ იქ ვართ“ - აცხადებს ბასიშვილი.

ხაშურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე როინ მახარობლიძე გვეუბნება, რომ ხაშურიდან ყრილობას 86 დელეგატი დაესწრება.

რაც შეეხება კასპს, ამ რაიონიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე 66 დელეგატი გაემგზავრება.

ყრილობაზე ქარელიდანაც მიდიან, 58 დელეგატის სახით.

ჯერ კიდევ 2016 წლის 30 ნოემბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება 2017 წლის 20 იანვარს პარტიის ყრილობის გამართვის თაობაზე.

3 იანვარს ენმ-ის აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა შემდეგი შინაარსის წერილი გაუგზავნა პარტიის რაიონული და საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს.

"ჩვენთვის ცნობილია, რომ პარტიის რაიონული ორგანიზაციების ზოგიერთი თავმჯდომარე აპირებს დელეგატთა შესარჩევად კონფერენციების მოწვევას, რასთან დაკავშირებითაც გაცნობებთ, რომ კონფერენციის ჩატარების წესი არ არის განსაზღვრული პარტიის წესდებით, აგრეთვე პოლიტსაბჭოს სხდომა, რომელზეც უნდა გაწერილიყო კონფერენციების ორგანიზების წესი - არ შედგა, შესაბამისად, არალეგიტიმურად ჩატარებული კონფერენცია არ იქნება უფლებამოსილი და იურიდიული ძალის მქონე.

კონფერენციების გარდა, სამართლებრივად აგრეთვე დაურეგულირებელია, თუ როგორ დგება ყრილობის დღის წესრიგი და როგორ განისაზღვრება ყრილობაზე ხმის მიცემისა და დათვლის პროცედურა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ყრილობის საორგანიზაციო მთელი პროცესი მიმდინარეობს წესების დარღვევით, შესაბამისად, ნაციონალური მოძრაობის ყრილობა ვერ იქნება ლეგიტიმური და მას ვერ ექნება პარტიისთვის სამართლებრივი შედეგები."

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები