ახალი ამბები
ცხინვალის რესტორანში ,,ომონის" თანამშრომელმა მოსწავლეები სცემა
ქალაქ ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის პროკურატურამ 29 დეკემბერს რესტორანში მომხდარ ჩხუბის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

პროკურატურის წარმომადგენლის, ედუარდ ჯიოევის ცნობით, სისხლის სამართლის ბრალდების საქმეში ,,ომონის" წარმომადგენელი ფიგურირებს.

სასამართლო სამედიცინო დასკვნის მიხედვით, ცხინვალის მეორე საშუალო სკოლის ორ მეთერთმეტე კლასელ ბიჭს სხეულის მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.

რესტორანში სკოლის მოსწავლეებსა და სპეცრაზმელს ჩხუბი მოუვიდათ.

ამის შესახებ ინფორმაციას ოსური საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებს.

,,ჩვენ ასევე მოვიპოვეთ სათვალთვალო კამერის ჩანაწერები და გრძელდება გამოძიება" - აცხადებს პროკურატურის წარმომადგენელი.

მისივე ცნობით, აღნიშნული პიროვნება, ამჟამად, კვლავაც მუშაობს ომონში. ჯიოევი არ გამორიცხავს, რომ დე-ფაქტო მთავრობის შს მინისტრს მისი უფლებამოსილების დროებით შეჩერება მოსთხოვოს.

სკოლის მოსწავლეებსა და ,,ომონის" წარმომადგენელს შორის მომხდარ ინციდენტს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვიც გამოეხმაურა.

,,სპეცრაზმელის ქცევა, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს ის,  ყოველთვის სხვების მაგალითს უნდა წარმოადგენდეს" - განაცხადა თიბილოვმა.

ე.წ. ომონის კიდევ ერთი წარმომადგენელი, გასული წლის ნოემბერში, 21 წლის ბიჭის ცემაში ამხილეს.

ქუჩის სათვალთვალო კამერამ 21 წლის მოქალაქის ცემის კადრები დააფიქსირა.  28 ნოემბერს სასტუმროს წინ მომხდარი კადრები კი, ადგილობრივ მედიაში გავრცელდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები