ახალი ამბები
გამყოფი ხაზის გადაკვეთის ბრალდებით გასულ წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთის 325 მოქალაქე დააკავეს
ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის შს სამინისტროს ცნობით, გამყოფი ხაზის გადაკვეთის ბრალდებით, გასულ წელს, სამხრეთ ოსეთის 325 მოქალაქე დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ოსური საინფორმაციო სააგენტო ,,სპუტნიკი" ცხინვალის მილიციის პრეს-სამსახურის წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე ავრცელებს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, აღნიშნული ბრალდებით, 2016 წელს სულ დაკავებულია 549 ადამიანი.

,,აქედან სამხრეთ ოსეთის მოქალაქეა 325, საქართველოს მოქალაქე - 133, რუსეთის მოქალაქე - 68, ხოლო სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე - 23" - აცხადებს მილიციის წარმომადგენელი.

საქართველოს მოქალაქეების დაკავების ბოლო ფაქტი კი, წელს 7 იანვარს უკვე დაფიქსირდა. თბილისელი, აგარელი და სოფელ ჯარიაშენელი პირები ზნაურთან და არცევთან დააკავეს.

გამოქვეყნებულ სტატისტიკას არ ახლავს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მიმართულებით გადაკვეთეს გამყოფი ხაზი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებმა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები