ახალი ამბები
რატომ იგება ,,ლომჭაბუკის" სკვერში ახალი გზა
,,ლომჭაბუკის" ძეგლთან, ქალაქ გორის მერიის დაკვეთით, ახალი გზა კეთდება.

ძველ გზას კი, რომელიც მდინარე ტორტლას ნაპირზე გადის, სავარაუდოდ, კომპანია ,,გეორგია 21"-ეს წარმომადგენლებს იჯარით გადასცემენ.

აგრარული ბაზრის ,,გეორგია 21-ეს" ხელმძღვანელებმა, ამის თაობაზე, ქალაქის ხელმძღვანელობას პროექტით უკვე მიმართეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიიდან ექსკლუზიურად აცნობეს.

ინიციატივის შესახებ ინფორმაციას ქალაქის საკრებულოში უკვე ფლობენ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ზურაბ როსებაშვილის განცხადებით, ახალი ინიციატივის არსებობის თაობაზე  მან გარემოვაჭრეებისგან შეიტყო.

,,ვერ გეტყვით, ამ ეტაპზე, კონკრეტულ დეტალებს. გარემოვაჭრეებისგან გავიგე, რომ ბაზრის ადმინისტრაცია ავტოსადგომის გაკეთებას ითხოვს. ჩვენამდე თუ მოვა პროექტი, პოზიციას საკრებულოს სხდომაზე გამოვხატავთ" - გვითხრა ზურაბ როსებაშვილმა.

იმ ადგილზე, სადაც ამჟამად, გზა გაჰყავთ, გარემოვაჭრეები იდგნენ. ერთი კვირის წინ, გარემოვაჭრეები ბაზრის ტერიტორიაზე შეიყვანეს.

კომპანია ,,შარას" მშენებლებმა კი, ,,ლომჭაბუკის" სკვერის აწ უკვე ყოფილი ტროტუარი ტრაქტორებით მოასწორეს.

ხელშეკრულების მიხედვით, სკვერის ყოფილ ტროტუარზე ასფალტი სამ თვეში უნდა დააგონ.

გორის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლების ოფიციალური განცხადებით, ძველსა და ახალ გზას ამ ეტაპზე მხოლოდ სატრანსპორტო მოძრაობის დანიშნულება ექნება.

მათი თქმით, წერილობით პროექტი მათ კანცელარიაში არ შესულა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები