ახალი ამბები
ტყვიავის წარმომადგენელი ნაძვების მოჭრის ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
გორის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ გიგუაშვილი ნაძვების მოჭრის ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

ამის შესახებ მან სოფელ ტყვიავში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, სოფლის ტერიტორიაზე უნიკალური ჯიშის ხეები მოიჭრა, რასაც სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რეაგირება უნდა მოჰყვეს.

სოფელ ტყვიავში ხეების მოჭრის ფაქტზე საგანგებო შეხვედრა საზოგადოებრივი ცენტრის შენობაში გაიმართა.

შეხვედრას რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე კოტე თავზარაშვილი, მისი მოადგილე - თეიმურაზ გიგუაშვილი (სოფელ ტყვიავის მაჟორიტარი წარმომადგენელი საკრებულოში) და საკრებულოს სხვა წევრები ესწრებოდნენ.

როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, ტყვიავის შესასწვლელში ნაძვები ნაკვეთის კერძო მესაკუთრემ მაია ჯოხაძემ მოჭრა. იგი მესაკუთრე 2016 წლის ნოემბრიდან გახდა.

,,დამიბარონ პროკურატურაში და მკითხონ, იქნებ ვფლობ მათთვის საინტერესო ინფორმაციას, საფუძველი მანახონ, რა პრივილეგიით მიიღო ეს მიწა, რა დამსახურებისთვის, იქნებ კანონიერია, იქნებ მე ვარ დამნაშავე? რატომ არ ინტერსდება პროკურატურა? ეს არის რეკრეაციული ზოლი, მთელი მსოფლიო იმას აცხადებს, რომ მიმდინარეობს გლობალური დათბობა და ხეების გადარჩენისთვის ზრუნავს. ჩვენ კი, მივადექით ორმოცდაათამდე მრავალწლიან ხეებს რეკრიაციულ ზოლში და ვჭრით." - ამბობს სოფლის დეპუტატი.

იავის მკვიდრი ნელი ტაბატაძე,,მე არ ვიცი, ვინ მოჭრა, რათ მოჭრეს მრავალწლიანი ხეები ჩვენს სოფელში, მაგრამ ის ვიცი, რომ ეს არის ოცდამეერთე საუკუნის დანაშაული. ამით უნდა დაინტერესდეს სამართალდამცავი ორგანოები, ამიტომ, ჩვენი სოფლის მოსახლეობა აღნიშნული საკითხის გამოძიებას მოითხოვს. "

ტყვიავში მცხოვრებ ხვიჩა გიგუაშვილს მიაჩნია, რომ ის პირები, რომლებმაც მრავალწლიანი ნარგავები მოჭრეს, უნდა დაისაჯნონ.

რაც შეეხება დანარჩენ ხეებს, რომლის მოჭრასაც კერძო მესაკუთრემ ვერ მოასწრო, ხვიჩა გიგუაშვილის თქმით, ვერ შეეხებიან, რადგან მოსახლეობა ერთადერთი გამწვანების ადგილის განადგურებას არ დაუშვებს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები