ახალი ამბები
გორის რაიონის ,,კეთილმოწყობის სამსახურის" ანგარიში
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის კეთილმოწყობის სამსახური 2016 წლის განმავლობაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების მოკლე ნუსხას აქვეყნებს.

გასულ წელს შემუშავებული გრაფიკის მიხედვით, მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა შიდა სასოფლო გზების მოწესრიგება.

სოფლებში აძვი, ჯარიაშენი, ახალუბანი, ხელთუბანი, სვენეთი, რეხა, ვარიანი, მეჯვრისხევი, ზერტი, შინდისი, ფხვენისი, არბო, ქორდი, დიცი, ტირძნისი, ბროწლეთი, ახალსოფელი, ახალდაბა, თორტიზა, ძევერა, ქიწნისი, სათემო, მერეთი, გუგუტიაანთკარი, ზარდიაანთკარი მოსწორდა და მოიხრეშა შიდა საუბნო და მოწესრიგდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან მისასვლელი გზები.

რეაბილიტაცია ჩაუტარდა ძევერის, მერეთის, ატენისა და ნიქოზის ადმინისტრაციულ შენობებს.

სოფელ შავშვების კულტურის სახლში მთლიანად გამოიცვალა ძველი შიფერი და მოეწყო ახალი, თუნუქის სახურავი. მოწესრიგდა ტყვიავის კულტურის სახლის გარე პერიმეტრი და კეთილმოეწყო საზოგადოებრივი ცენტრის ეზო და სკვერი.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა ქვემო ხვითის, ახალუბნის, მარანის, ბნავისის, ქვეშის საბავშვო ბაღებში.

გარემონტდა ნიქოზის ამბულატორიის გარე ფასადი, შემოიღობა გუდაბერტყიას არქეოლოგიური ძეგლის ტერიტორია.

რეაბილიტაცია ჩაუტარდა თედოწმინდის დაკიდულ ხიდს და მუნიციპალიტეტში არსებულ სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელ სახლებს.

სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა სოფელ კარალეთის სასმელი წყლის შემკრებ ნაგებობას. წყაროზე, საიდანაც ადგილობრივებს სასმელი წყალი მიეწოდებათ ამოშენდა ახალი კედლები და გადაიხურა.

გარდა ამისა, 2016 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის სოფლებში ქარსაცავი ზოლების დაცვის, სატრანსპორტო საშუალებებისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, არაერთი სამუშაო ჩატარდა.

შესრულდა გადაბელვითი სამუშაოები, ხეები გაიწმინდა ხმელი და გადატეხილი ტოტებისაგან, სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე, მოიჭრა გამხმარი ხეები. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ჯამში გასული წლის განმავლობაში გადაიბელა 358 და მოიჭრა 294 ძირი ხე. სულ 903 კუბური მეტრი, რომელიც საშეშედ გადაეცა მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში კომპლექსური სამუშაოები განხორციელდა სარწყავი და სანიაღვრე სისტემის მოსაწესრიგებლად. მუნიციპალიტეტის 7 ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში გაიჭრა 120 კმ სიგრძის არხი. 14,5 კმ-ის სიგრძეზე განხორციელდა სანიაღვრე და სარწყავი არხების გაწმენდა-მოწესრიგება.

არსებული არხების გაწმენდასთან ერთად გაიჭრა ახლი არხები, აღდგა წლების განმავლობაში უფუნქციოდ დარჩენილი შიდა სარწყავი სისტემები და გამოიცვალა ამორტიზებული წყალგამტარი ბოგირები. ამასთან ერთად საკანალიზაციო სისტემები მოეწყო სკრის, ტინისხიდის, ტყვიავის, ფხვენისის, ხიდისთავის საჯარო სკოლებში და წედისის საბავშვო ბაღში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები