დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის კულტურის სამინისტომ, ისტორიული ძეგლების
დაცვის მიზნით, კანონპროექტი შეიმუშავა.
ამის შესახებ ცხინვალის მთავრობის ოფიციალურ საიტზე დე-ფაქტო
მთავრობის კულტურის მინისტრის მადინა ოსტაევას ინტერვიუშია
საუბარი.
მადინა ოსტაევას განცხადებით, სამინისტროს წარმომადგენლები საჯარო
სკოლების მოსწავლეებთან და ადგილობრივ მცხოვრებლებთან საჯარო
შეხვედრებს მართავს.
შეხვედრებზე საუბარი კულტურული ძეგლების დაცვას, თვითნებური
მიშენებების აკრძალვას, ტერიტორიების დასუფთავებას ეხება.
,,ჩვენს ისტორიულ ძეგლებს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა
დაცვის (იუნესკოს) ნუსხაში შესვლის დიდი შანსი აქვს" - ამბობს მადინა
ოსტაევა.
როგორც მისი საუბრიდან ირკვევა, დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავრობას ამ
ძეგლების დაცვის კუთხით, ნორმატიული აქტები ჯერ მიღებული არა
აქვს.
,,კანონპროექტი მომზადებულია და გადაგზავნილია პარლამენტში
დასამტკიცებლად" - განმარტავს ოსტაევა.
ის განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს სოფელ იკორთას ეკლესიის,
სოფელ მონასტერთან არსებული სამონასტრო კომპლექსის და სოფელ თიღვას
ეკლესიის დაცვის აუცილებლობაზე.
ეს მონასტრები, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ
ისტორიკოსების აზრით, მე-12 საუკუნით თარიღდება და, ძირითადად, თამარ
მეფის ეპოქის დროინდელია.
იკორთას ეკლესია ქსნის ერისთავთა საძვალე ყოფილა. იკორთას ტაძარში
დაკრძალულნი არიან 1659 წლის კახეთის აჯანყების მეთაურები ბიძინა
ჩოლოყაშვილი, ელიზბარ და შალვა ერისთავები.
რაც შეეხება თიღვის ეკლესიას, მისი მშენებლობა დავით აღმაშენებლის
ასულს, თამარს უკავშირდება. ერთერთ კედელზე აღმოჩენილ წარწერაზე
მოხსენიებულია დავით აღმაშენებლის ასული თამარი, რომელსაც თავისი
ქმრის, შირვანის მეფის, გარდაცვალების შემდეგ, ეს მონასტერი აუგია
1150-52 წწ და აქვე აღკვეცილა მონაზვნად.
ფოტოებზე:
1 ფოტო - იკორთა
მე-2 ფოტო - თიღვის ეკლესია
სტატიის გამოყენების პირობები