ახალი ამბები
ათსართულიან კორპუსში ფართის მიღების მსურველ დევნილთა რეგისტრაციის ბოლო ვადა 1 მარტია
გორში, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადების მიღება 1 მარტამდე გრძელდება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს დევნილთა სამმართველოდან აცნობეს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლების ცნობით, კორპუსის სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის ივნისში დასრულდება.

480 დევნილი ოჯახისთვის, 8 ათსართულიანი კორპუსი შენდება.

ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება შეუძლიათ შიდა ქართლის რეგიონში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს და ასევე იმ ოჯახებს, რომლებიც შიდა ქართლის რეგიონში იყვნენ რეგისტრირებულები და რეგისტრაციის ადგილი 2013 წლის 1 ივნისის შემდეგ შეიცვალეს.

განაცხადები მიიღება 2017 წლის პირველ მარტამდე შემდეგ მისამართებზე:

• თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა, დევნილთა და განსახლების სამინისტროს მისაღები ცენტრი; • გორი, შმაგის ქ. N1; • ზუგდიდი, ხუბულავას ქ. N6; • ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის გამზირი N27.
Print

სტატიის გამოყენების პირობები