ახალი ამბები
ტინისხიდთან მოქალაქეები ელექტროშოკური აპარატით თევზაობდნენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდთან, მდინარე მტკვრის კალაპოტში, ორი პიროვნება ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზაობდა.

ამის თაობაზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მეთევზეები დააჯარიმეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ადგილი აქვს უკანონო თევზჭერის ფაქტს.

ღონისძიება დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ჩაატარეს.

,,მათ ამოიღეს და დალუქეს გასაბერი ნავი, ჩოგანბადე, აკუმულატორი, ელექტროშოკური მოწყობილობა და ნავის ტუმბო "ნასოსი".- აღნიშნავენ პრეს-სამსახურში.

ჯერ კიდევ, 2016 წლის ივნისში, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ მდინარეებზე და ტბებზე სპეციალური დანადგარები დამონტაჟდება.

ეს დანადგარები ე.წ. ელექტროშოკური აპარატით თევზაობის შემთხვევაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ონლაინრეჟიმში ინფორმაციას აწვდის.

დანადგარი ე.წ. ელექტროშოკური აპარატის ზემოქმედებას 100 მეტრის რადიუსში აღიქვამს, მომენტალურად ახდენს ლოკაციის იდენტიფიცირებას და ავტომატურ შეტყობინებას გადასცემს სპეციალურ სისტემას.

მოწყობილობის საშუალებით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი რამდენიმე წამში იღებს ინფორმაციას, რაც საშუალებას შექმნის მოახდინოს დაუყოვნებლივი და ეფექტური რეაგირება.

ტბებსა და მდინარეებში აღნიშნული მოწყობილობის დამონტაჟების მიზანი ე.წ. ელექტროშოკური აპარატით თევზაობის შემთხვევების მინიმუმამდე დაყვანაა.

დანადგარი საინიციატივო ჯგუფის წევრებმა დავით გულბანმა და გიორგი კურტანიძემ შექმნეს, რომლებიც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან რამდენიმე თვეა აქტიურად თანამშრომლობენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები