ახალი ამბები
გორში კონტროლიორების აკრეფილი თანხა ბიუჯეტში არ მიდის - კომპანია მოსახლეობას აფრთხილებს
პარკირების საფასურს კონტროლიორები გორში არალეგალურად კრეფენ.

ამის თაობაზე შპს ,,გორის სერვისჯგუფის“ (ყოფილი შპს ,,კეთილმოწყობა“) წარმომადგენლებმა სამართალდამცავ ორგანოებს და გორის მერიას წერილობით უკვე შეატყობინეს.

,,ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს ქალაქ გორში ავტომანქანების პარკირებას. ამ მიზნით აყვანილი გვყავდა პარკირების კონტროლიორები, რომლებიც ჩგდ-ს (ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი) მეშვეობით ახორციელებდნენ პარკირების საფასურის მობილიზაციას. ეს პროცესი უკანონოა და შპს ,,გორის სერვისჯგუფთან“ და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან არავითარი შეხება არ აქვს, შესაბამისად, გადახდილი თანხის მობილიზება ადგილობრივ ბიუჯეტში არ ხდება. " - აცხადებენ კომპანიაში.

,,გორის სერვისჯგუფის" ადმინისტრაციის ცნობით, 2016 წლის 1-ლი დეკემბრიდან ყველა კონტროლიორი გათავისუფლდა, მაგრამ ისინი პარკირების ადგილებზე მოსახლეობიდან თანხის აღებას კვლავაც აგრძელებენ.

პარკირების საფასურის კანონიერად გადახდა ამ ეტაპზე შესაძლებელია მხოლოდ პარკირების აბონემენტით, რომლის შეძენითაც ავტომანქანის მფლობელს შეუძლია მიიღოს პარკირების უფლება 1, 6 ან 12 თვით.“ - აცხადებს შპს ,,გორის სერვისჯგუფის“ წარმომადგენელი ზურაბ როსტომაშვილი.

დღემდე აღნიშნულ უფლებას შპს ახორციელებდა კონტროლიორებისა და აბონემენტების საშუალებით. რეორგანიზაციის პროცესში გადასახადის ხელზე აკრეფის სისტემა გაუქმდა და დარჩა მხოლოს აბონემენტების სისტემა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი დაუკავშირდა კომპანიის წარმომადგენელს იმის გასარკვევად, თუ რას გულისხმობს ამჟამად აბონემენტების სისტემა.

,,ჩვენ წერილობით მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ სპეციალურ სისტემაში წვდომის უფლება მოგვცენ, ამ ნებართვის მიღების შემდეგ, ასევე, წერილობით შევატყობინებთ იუსტიციის სამინისტროს. სულ ცოტა ხანში, მძღოლებს შეეძლებათ სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით გახდნენ აბონემენტები. მანამდე კი, გადახდილი თანხა უკანონოდ ჩაითვლება." - აცხადებს ზურაბ როსტომაშვილი.

,,გორის სერვისჯგუფი“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელსაც საკრებულოს თანხმობითა და მერის ბრძანებით გადაცემული აქვს პარკირების ორგანიზების უფლება.

ჯგუფი ამჟამად აქტიურად მუშაობს პარკირების ისეთი ელექტრონული სისტემის დანერგვაზე, რაც უკვე დანერგილია საქართველოს სხვა თვითმმართველ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში.

შპს ,,გორის სერვისჯგუფის“ ოფისის მისამართია: ქ.გორი, სამების ქ.#1. ტელეფონი:551- 444 - 641; 577-213-607.
Print

სტატიის გამოყენების პირობები