ახალი ამბები
მდინარე თეძამთან ცხოველთა სასაკლაოს მშენებლობას ბარნაბიანთკარელები აპროტესტებენ
მდინარე თეძამის პირას ცხოველთა სასაკლაოს მშენებლობას სოფელ ბარნაბიანთკარის მოსახლეობა აპროტესტებს.

ადგილობრივმა მოსახლეობამ წერილობით კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართა.

საჩივრის მიხედვით, სოფლის მოსახლეობა სასაკლაოს მშენებლობით რამდენიმე პრობლემის საფრთხეს ხედავს.

პირველ რიგში, მდინარე თეძამის დაბინძურების, შემდეგ, აპიდემიის გავრცელების, შენობის გარშემო მტაცებელი ცხოველების მომრავლების და, რაც მთავარია, დაბინძურებული წყლის გამო, სავარგულების დაზიანების საფრთხეებს.

სასაკლაოს კერძო პირი, გურამ გერმონაზაშვილი აშენებს. მან მშენებლობის ნებართვა კასპის გამგეობის ეკონომიკური სამსახურის შესაბამისი სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე მიიღო.

,,მშენებლობა მიმდინარეობს სრულიად ევრო სტანდარტების შესაბამისად, თხევადი ნარჩენებისათვის გათვალისწინებულია ცალკე პროექტი, რომელიც გულისხმობს 3 გაწმენდ კოლექტურას, სალექურებს, სადაც ხდება არსებული ნარჩენების დალექვა და შემდეგ განადგურება" - აცხადებს გერმონაზაშვილი.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ეკონომიკური სამსახურის თანამშრომლებს დამტკიცებული პროექტის გასაჯაროება სთხოვეს.

პროექტის მიხედვით, ჩანს, რომ მდინარე თეძამს საკანალიზაციო არხი უერთდება, თუმცა, როგორც პროექტის დამტკიცებელმა მიგვანიშნა, მანამდე ის სამდონიან გამწმენდ სალექურს გაივლის; შემდეგ მას ცალკე სპეციალური საკანალიზაციო ჭები დახვდება, რაც მდინარე თეძამში მავნე ნარჩენების მოხვედრის შანსს ამცირებს.

გარდა ამისა, სასაკლაო იქნება მკვეთრად იზოლირებული გარემოსგან და შენობა იქნება დახურული.

,,თუ ამ ყველა პირობას არ შეასრულებს მშენებელი, თავისთავად ექსპლუატაციაში არ მივიღებთ" - აცხადებს გამგეობის წარმომადგენელი. ისინი პირობას დებენ, რომ სისტემატიურად შემოწმდება გამდინარე თხევადი მასა.

,,რაც შეეხება მგლებს" - განმარტავს მუნიციპალიტეტის გამგებელი - ,,ეს ისეთი ტერიტორიაა, ნებისმიერ დროს შეიძლება იქ მტაცებლის გამოჩენა. მაგალითად, სოფელ კავთისხევში მგელმა ათეულობით სული ცხვარი გაწყყვიტა, ფოტოებიც კი, მქონდა შენახული. გეკითხებით, არის სადმე ახლომახლოს სასაკლაო კავთისხევთან?" - ამბობს მუნიციპალიტეტის გამგებელი.

გოჩა გოჩიტაშვილი აცხადებს, რომ ის რაც პროექტითაა წარმოდგენილი, თუ შესრულდა, იქნება უნიკალური ობიექტი მთელ რაიონში.






Print

სტატიის გამოყენების პირობები