ახალი ამბები
ცხინვალის პარლამენტმა ბიუჯეტი ხელმეორედ არ დაამტკიცა - პრეზიდენტის არჩევნები 9 აპრილს გაიმართება
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2017 წლის 9 აპრილს გაიმართება.

ამის შესახებ ცხინვალის პარლამენტის წევრებმა გადაწყვეტილება დღეს მიიღეს.

დღევანდელ სხდომაზე ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვის მთავრობას 2017 წლის ბიუჯეტის განხილვაზე უარი განუცხადა.

საკითხი დღის წესრიგიდან უკვე მეორედ ამოიღეს. ბიუჯეტის პროექტი ცხინვალის პარლამენტს 2016 წლის დეკემბერში გაუგზავნეს.

მთავრობა და პარლამენტი სასამართლოს ბიუჯეტის ხარჯებზე ვერ თანხმდება.

ბიბილოვის ქმედება პარტია ,,ნიხასის" წარმომადგენელმა ზიტა ბესაევამ გააპროტესტა. მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარეს ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების უფლება არა აქვს.

,,გადაწყვეტილება უნდა მიიღოს დეპუტატებმა და არა პრეზიდიუმმა" - აცხადებს ზიტა ბესაევა.

ანატოლი ბიბილოვის მომხრე დეპუტატების განცხადებით კი, თიბილოვის მთავრობა 2014 წლიდან იტყუება, რადგან, ჯერ კიდევ მაშინ, სასამართლო ხელისუფლების რეფორმის პირობა დაიდო.

დე-ფაქტო პრეზიდენტის თიბილოვის ადმინისტრაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხადების მიხედვით, პარლამენტი ბიუჯეტის განხილვის პროცედურებს არღვევს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები