ახალი ამბები
,,კასპიცემენტის" მანქანების უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით კავთისხევთან ხიდს ამაგრებენ
კასპი-კავთისხევის გზაზე მდ. მტკვარზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ამის გამო სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.

დაზიანებული ხიდი საფრთხეს მძიმე წონის, კერძოდ, კასპიცემენტის ქარხანასა და კარიერს შორის მოძრავ მანქანებს უქმნიდა.

თაღოვანი ხიდი გასული საუკუნის 40-იან წლებშია აგებული და, მას შემდეგ, მისი სრული რეაბილიტაცია არ მომხდარა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ხიდზე შუალედური ბურჯები, თაღები და ბეტონის ზედაპირები იყო დაზიანებული.

დაზიანებული ხიდი საფრთხეს, განსაკუთრებით, სატვირთო ავტომანქანებს უქმნიდა.

პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია: ხიდის ბურჯების გაძლიერება, მალის ნაშენისა და სარეგულაციო კედლების შეკეთება; სავალი ნაწილისა და ხიდთან მისასვლელი გზების მოწესრიგება. ასევე განხორციელდება საგზაო ნიშნების მოწყობის, ხიდის სავალი ნაწილის მონიშვნის, შემოფარგვლისა და გადასასვლელი ფილების მოწყობის სამუშაოები.

ამ ეტაპზე, გაბიონის საყრდენი კედლის მოწყობის, შუალედური ბურჯებისა და მალის ნაშენის შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტი 2016 წლის ნოემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება. სამუშაოებზე 25 ადამიანია დასაქმებული.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 1 110 687 ლარია.






Print

სტატიის გამოყენების პირობები