ახალი ამბები
გორის უნივერსიტეტის რექტორის პიესაში სტალინის ძეგლს უკუღმა დგამენ
გამოიცა გორის უნივერსიტეტის რექტორის გიორგი სოსიაშვილის წიგნი ,,წითელი უდაბნო".

კრებულში, როგორც მოთხრობები, ასევე, მწერლის პირველი პიესაა შესული.

პროფესორ იოსებ ჭუმბურიძის აზრით, პიესა რეჟისორებისთვის სცენაზე დასადმელად საუკეთესო ნაწარმოებია.

წიგნის გმირების სულისკვეთება საბჭოთა ბელადის, სტალინის ძეგლს უკავშირდება, რომლის აღმართვასაც მოითხოვენ.

მართალია მოწინააღმდეგენიც უხვად არიან, მაგრამ ბელადის მოთაყვანენი ძეგლის დაბრუნებას მაინც მოახერხებენ, სიჩქარეში კი, შებრუნებით დადგამენ.

ქალაქი, სადაც აღებულ ძეგლს კვლავ უკან დააბრუნებენ, ,,წითელი უდაბნოს" მეტაფორაა.

წიგნის რედაქტორები არიან: იოსებ ჭუმბურიძე და გიორგი ხორბალაძე. მხატვარი - კარლო ფაჩულია.

,,არა უშავს, მთავარია, რომ თავის ადგილს დაუბრუნდაო, - ამბობენ ბელადის მოთაყვანენი. შევეწირები და მაინც ჩამოვიღებო, - გაჰყვირის ბელადის მოწინააღმდეგე. უცებ ვიღაც დაიძახებს, იონათამი დაბრუნდაო და ყველა იქით მიიხედავს, სადაც ბელადის ეპოქაში ქალაქიდან გადახვეწილი დიაკვნის შთამომავალი დგას. ძველი მედავითნე ცალთვალაა. ერთი თვალი დიდი ხნის წინათ დაუკარგავს, მეორე კი ექიმის უცნაურ შეცდომას „შესწირვია“ - დაბინდული თვალში ბროლი უკუღმა ჩაუსვამს და, ამის გამო, ყველაფერს შებრუნებით ხედავს. ასეთი თვალით უყურებს მრავალი წლის შემდეგ მშობლიურ ქალაქში დაბრუნებული იონათამი ბელადის შებრუნებულ ძეგლს და უცნაურად ეღიმება." - აღნიშნულია წინასიტყვაობაში.



 

Print

სტატიის გამოყენების პირობები