ახალი ამბები
რუსეთის პროკურატურის მტკიცებით, ცხინვალის ,,კაგებეს" ყოფილი უფროსის შვილმა მამის მკვლელზე შური იძია
ყარაჩაი-ჩერქეზეთში 70 წლის ცხინვალელი ალექსანდრე გოიაევი, 30 წლის შვილთან ერთად, მოკლეს.

პრიკუბანის რაიონის პროკურატურის მტკიცებით, მამა-შვილი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ჩემპიონმა იგორ ალბოროვმა მოკლა.

იგორ ალბოროვი ცხინვალის უშიშროების საბჭოს მდივნის, გარდაცვლილ ოლეგ ალბოროვის შვილია.

ოლეგ ალბოროვი 2006 წელს, საკუთარ ავტოფარეხში ააფეთქეს.

10 წლის წინ მომხდარ აფეთქებაში, სწორედ, ალექსანდრე გოიაევი ფიგურირებდა.

დაპირისპირების ისტორია 2006 წლის ივლისიდან იწყება.

რადიო თავისუფლების ცნობით, 2006 წლის 9 ივლისს, სამხრეთ ოსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ოლეგ ალბოროვი ავტოფარეხში ააფეთქეს.

ცხინვალის მაშინდელმა პროკურატურამ გამოძიება ტერაქტის ბრალდებით დაიწყო.

კაგებეს ყოფილი უფროსის და უშიშროების საბჭოს მდივნის აფეთქების საქმეში, ჯერ, მოგვარეები დიმიტრი და სარმატ გაბარაევები დააკავეს, ხოლო თანამონაწილეობის ბრალდებით, ოლეგ ალბოროვის მეზობელი ალექსანდრე გოიაევიც დააკავეს.

სამივე მათგანი გამოსასწორებელ კოლონიაში მოათავსეს.  2008 წლის აგვისტოს ომის დროს ისინი ციხიდან გაიქცნენ.

რუსული სააგენტო ,,life.ru" ალბოროვების ისტორიას დეტალურად აღწერს. სააგენტოს ჟურნალისტი წერს, რომ შვილმა მამის მკვლელის მოსაძებნად კერძო დეტექტივი დაიქირავა.

კერძო დეტექტივმა კი, ალექსანდრე გოიაევს ყარაჩაი-ჩერქეზეთში მიაგნო.

პრიკუბაინის რაიონის სასამართლომ 19 იანვარს იგორ ალბოროვს და მის ბიძაშვილს ალან ალბოროვს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. გამოძიების ვერსიით, შურისძიებაში იგორთან ერთად, ალან ალბოროვიც მონაწილეობდა.

,,ალექსანდრე გოიაევი ტერორისტი იყო" - განაცხადა სასამართლო პროცესზე იგორ ალბოროვმა, წერს რუსი ჟურნალისტი.

ამავე სასამართლო პროცესზე მან განაცხადა, რომ 2006 წელს, ალექსანდრე გოიაევს და გაბარაევებს მამამისის აფეთქების მიზეზი ჰქონდათ. 

ალექსანდრე გოიაევები, გაბარაევებთან ერთად, იარაღის კონტრაბანდას ეწეოდნენ და ეს არხი მამაჩემმა, ოლეგ ალბოროვმა გადაუკეტაო.

იგორ ალბოროვი ორგზის ევროპის ჩემპიონია ბოქსში.



Print

სტატიის გამოყენების პირობები