ახალი ამბები
რა ინიციატივები წარადგინეს მოსწავლეებმა ,,ახალგაზრდულ ფორუმზე"
,,ახალგაზრდულ ფორუმზე" 12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი სკოლისა და სოფლის საჭიროებებთან დაკავშირებით, ინიციატივები წარადგინეს.

ამის შესახებ გუშინ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

ქარელის, ხაშურის, ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ინიციატივების განსახორციელებლად ახალგაზრდებმა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მხარდაჭერა მიიღეს.

ფორუმი, საზოგადოება ,,ბილიკის" ორგანიზებით, ,,მომავლის თაობის" პროგრამის ფარგლებში გაიმართა.

პრეზენტაციის ჯგუფები გაერთიანდნენ და ერთობლივი პროექტები წარადგინეს.

ქარელის სკოლა-გიმნაზიის, ქვენატკოცასა და მოხისის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა განაცხადეს, რომ მათ სკოლის ეზოს გამწვანება-მოვლა და სოფლის ქუჩების დასუფთავება დაისახეს მიზნად.

მერეთის, ტინისხიდის, გორის სკოლა-ლიცეუმის და ატენის სკოლების მოსწავლეებმა პროექტი „სკოლის თვითმმართველობა“ წარადგინეს. ამ ინიციატივის მიხედვით, ისინი სკოლის საქმიანობაში მოსწავლეების ჩართულობის გაზრდას და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობას გეგმავენ.

ქვეშის, ძევერის, გარეჯვარისა და ქიწნისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარადგინეს პროექტი „ერთად ვიზრუნოთ სასკოლო თემზე“.

,,ეს ინიციატივა სასკოლო საქმეებში მშობლების როლის გაძლიერებასაც გულისხმობს. რა თქმა უნდა, ეს მოსწავლეებთან ერთად, განხორციელდება" - აღნიშნეს მათ.

მათი სურვილია, რომ წელიწადში რამდენიმე დღე თვითმმართველობის დღედ გამოცხადდეს, ხოლო მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა როლები გაცვალონ.

„ფორუმის მიანია მოსწავლეებმა მოკლე დროში ისწავლონ პრიორიტეტების დასახვა და პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვა. მათ უნდა მოახდინონ პრობლემების ადვოკატირება ყველა იმ ადამიანთან და სამსახურთან, რომლის მოგვარებაც მათ ხელეწიფებათ“ - ამბობს საზოგადოება „ბილიკის“ დირექტორი მარიკა მღებრიშვილი.

,,ბილიკი" რეგიონში პროგრამის პარტნიორია. მისი წარმომადგენლები 37 საჯარო სკოლას, სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით, დაეხმარება.

„მომავლის თაობა“ ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ აშშ-ის საერთაშორისო განვთარების სააგენტოს USAID-ის დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.

მიზანია მოსწავლეთა აქტიურობით გამოვლინდეს ის საჭიროებები, რომლებიც აქტუალურია შიდა ქართლის მოსწავლეების, სკოლების და ადგილობრივი საზოგადოებისთვის.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები