ახალი ამბები
პარიზის საერთაშორისო ტურნირზე გენო პეტრიაშვილმა პირველი ადგილი მოიპოვა
28-29 იანვარს პარიზის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს თავისუფალის სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა გამოსვლა 2 ოქროს მედლით დაასრულა.

ამის შესახებ ინფორმაციას ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების ოფიციალური პორტალი ავრცელებს.

გორელმა გენო პეტრიაშვილმა 125 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი აიღო. ოქროს მედალი 61 კგ წონით კატეგორიაში კიდევ ერთმა ქართველმა, შოთა ფარტენაძემაც მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებს ემზარ ბედინეიშვილისა და ნუგზარ სხირელი ხელმძღვანელობდა.

საერთაშორისო შეჯიბრზე, რომელიც ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების, UWW-ს ეგიდით გაიმართა, 15 ქვეყნის ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა.

ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა და რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების პრიზიორმა გენო პეტრიაშვილმა ფინალში უნგრელ დანიელ ლიგეტის (8-2) მოუგო, მანამდე კი ამერიკელები ბობი ტელფორდი და ზაკ რეი (11-0 და 10-0) დაამარცხა.

ფარტენაძემ ჯამში 4 შეხვედრა ჩაატარა, ფრანგ ქუენტინ სტიკერს 8-6, შვეიცარიელ რანგი ვოკს 4-1 და უნგრელ იოსეფ მოლნარს 10-0 სძლია, ფინალში კი ამერიკელი ჯეისონ ნესსი 9-2 დაამარცხა.

მათ გარდა ფრანგულ ხალიჩაზე ლევან მურცხავაძე (57), ავთანდილ კენჭაძე (74) და დავით ტლაშაძე (74) გავიდნენ თუმცა მედლის გარეშე დაასრულეს ასპარეზობა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები