ახალი ამბები
სკრაში მიწის პრივატიზაციის დოკუმენტები დაიკარგა - მოსახლეობის მიმართვა იუსტიციის მინისტრს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში მიწის პრივატიზაციის საბუთები დაიკარგა.

ამის გამო, ადგილობრივი მოსახლეობა საჯარო რეესტრში ნაკვეთებს ვერ ირეგისტირებს.

ადგილობრივი მოსახლეობა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური კომისიის გამოყოფას სთხოვს.

ახალი კანონის მიხედვით, რომელიც 2016 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა, მიწის რეგისტრაცია გამარტივებულია, თუმცა, ამ სერვისს სკრელები ვერ იყენებენ.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილი შეღავათები 2017 წლის 1 აგვისტომდე მოქმედებს. სკრელებს, სწორედ, პირველ აგვისტომდე აქვთ ვადა საბუთების შესაგროვებლად.

საქმე იმაშია, რომ სოფელ სკრაში კოლმეურნეობის დაშლის შემდეგ, მიწები 1992-93 წლებში განაწილდა.

გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტები, თუმცა, დღეს ეს საბუთები არ ჩანს.

გორის არქივში მოსახლეობას აცნობებენ, რომ სკრის ადმინისტრაციული ორგანოდან საარქივო მასალა არ მიუღიათ.

როგორც ადმინისტრაციული ორგანოს ამჟამინდელი წარმომადგენელი ჩვენთან საუბარში აცხადებს, ამის მიზეზად, წლების წინ შენობაში გაჩენილ ხანძარი სახელდება.

,,მე ვერ გეტყვით, რამდენად მართლა მოხდა ნამდვილად ხანძარი, მაგრამ ფაქტია, რომ დოკუმენტები აღარ არსებობს" - აცხადებს ილია ოქროაშვილი, გამგებლის წარმომადგენელი სოფელში.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები