ახალი ამბები
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოღება გორის თეატრის ეზოში იზეიმეს
გუშინ, საღამოს, გორის თეატრის ეზოში, ევროპარლამენტის გადაწყვეტილების აღსანიშვნავად აქცია გაიმართა.

საზეიმო ღონისძიება ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოაწყეს. 

ევროკავშირის დროშით ღონისძიების ორგანიზატორებმა უვიზო მიმოსვლის შემოღება გორელებს მიულოცეს.

აქციის ერთერთი ორგანიზატორის, არინა თავაქარაშვილის განცხადებით, საყოველთაო სიხარულს ქალაქიც უერთდება.

შეგახსენებთ, გუშინ, 2 თებერვალს, ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა.

კენჭისყრის შედეგების მიხედვით, უვიზო მიმოსვლის რეგულაციის მომხრე 553, ხოლო 66 დეპუტატი წინააღმდეგი იყო.

უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგულაცია ფორმალურად ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

ამის შემდეგ ცვლილებას ევროპარლამენტის პრეზიდენტი და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი მოაწერს ხელს. რეგულაცია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება და 21 დღეში ამოქმედდება.

საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობა გაზაფხულიდან ევროკავშირის 22 ქვეყანაში, (ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი ) 4 არაწევრ (ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია ) და ოთხ კანდიდატ ქვეყანაში (ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია) შეეძლებათ.

ხანგრძლივობა, 180 დღის მანძილზე, 90 დღეა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები