ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობა უვიზო მიმოსვლას ეხმაურება
,,ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას არ ეხება"

ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სპეციალურ მიმართვაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება პროპაგანდისტულ კამპანიას ეწევა, რაც იმაში გამოიხატება, რომ თითქოს სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებსაც შეუძლიათ ევროპაში უვიზო მიმოსვლა.

,,საქართველოს ხელისუფლებამ ვერ გააცნობიერა, რომ სამხრეთ ოსეთმა დამოუკიდებლობა 25 წლის გამოაცხადა. ხალხმა გამოხატა თავისი ნება და ჰყავს საკუთარი მთავრობა." - აღნიშნულია განცხადებაში.

ამდენად, ცხინვალის მთავრობის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში, მხოლოდ, რუსეთის პასპორტებით და მოქალაქეობის მიღებით შეეძლებათ წასვლა.

,,თუმცა, საქართველოს ხელისუფლება, დასალეთის ქვეყნების მხარდამჭერებთან ერთად, ჩვენს მოქალაქეებს ბარიერებს უქმნის." - იუწყება სამინისტრო.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამინისტროს განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღიაროს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ხოლო, ურთიერთობა უნდა დაამყაროს, როგორც თანასწორ სახელმწიფოსთან.

,,პრეზიდენტ გამსახურდიას ხელისუფლებიდან მოყოლებული, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ოს ხალხს, საქართველოს ხელისუფლება იყენებს ისეთ ტერმინებს, როგორიცაა ,,ცხინვალის რეგიონი"; ე.წ. სამხრეთ ოსეთი და ა.შ. რაც ჩვენთვის მიუღებელია. დროა, საქართველოს ხელისუფლებამ გააცნობიეროს, რომ ერთადერთი მოდელი არის ორ სახელმწიფოს შორის პარიტეტული ურთიერთობა." - წერს ცხინვალის მთავრობის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები