ახალი ამბები
სანაკოევი: ,,კურცი დამეთანხმა, რომ საზღვრის დემარკაცია ბევრ პრობლემას მოაგვარებს"
დავით სანაკოევი ეუთოს თავმჯდომარეს, სებასტიან კურცს გამყოფ ხაზის დემარკაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

,,ეუთოს თავმჯდომარემ დამიდასტურა, რომ დემარკაცია ბევრ პრობლემას მოხსნის, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხის პოლიტიზირებას ახდენს" - აღნიშნავს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელი ცხინვალის მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში.

სანაკოევის განმარტებით, ერგნეთში, დღეს გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ უარი თქვეს მავთულხლართებისა და ღობეების განთავსების საკითხის განხილვაზე.

,,ეს საკითხი ჰუმანიტარულ ჭრილში უნდა განვიხილოთ, რადგან თავიდან ავიცილოთ დაკავებები. მაგალითად, 27 იანვარს ოქონასთან ორი პირი დავაკავეთ" - ამბობს სანაკოევი.

როგორც აღმოჩნდა, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების 73-ე შეხვედრა დღეს არ იყო დაგეგმილი, ის საქართველოში სტუმრად მყოფი ეუთოს თავმჯდომარის, ამავე დროს, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოწვევით გაიმართა.

დღევანდელ შეხვედრას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა.

სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქის გიორგი გიუნაშვილის საკითხს დაეთმო.

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ხსენებული პირის მიმართ არსებული "ბრალდებები" არის გამოგონილი, ლეგიტიმურ საფუძველს მოკლებული და შესაბამისად აუცილებელია მისი უმოკლეს ვადაში უპირობო გათავისუფლება.

რაც შეეხება მავთულხლართებს, ღობეების და სხვა ხელოვნური ბარიერების მეშვეობით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას პრობლემები ექმნება. აღნიშნულთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს კონკრეტული ინციდენტი.

„ძალიან კარგი იყო ჩემთვის ადგილზე არსებული ვითარების გაცნობა და ვიცი, რომ რთული ვითარებაა.არ არის მარტივი პროგრესის მიღწევა. ჩვენი მთავარი მიზანი არის, დავეხმაროთ ადამიანებს, გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები და ჩვენი წარმომადგენლები ეხმარებიან მათ ამ მიზნის მიღწევაში“- განაცხადა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სებასტიან კურციმ.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო 74-ე შეხვედრა 2017 წლის 2 მარტს გაიმართება. 2 მარტს, ცხინვალის მთავრობის წარმომადგენლები, გამყოფ ხაზთან საგაზაფხულო სამუშაოებთან დაკავშირებით, საკითხის განხილვას აპირებენ.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები