ახალი ამბები
სურამელებს ტურიზმის სფეროში გადაამზადებენ
ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი სიმონ ნოზაძე, სურამის საკურორტო ზონის პოტენციალის გაზრდის მიზნით, შეხვედრებს მართავს.

ის ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს გიორგი ჩოგოვაძეს შეხვდა.

მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლის, მალხაზ ლომსაძის ცნობით, აქცენტი ზაფხულის სეზონის მოსამზადებელ ღონისძიებებზე გაკეთდა.

,,ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით, ადგილობრივ მოსახლეობას ტურიზმის სფეროში გადაამზადებენ, შესაბამის ტრენინგებს და სწავლებებს ჩაუტარებენ" - აცხადებს ლომსაძე.

ასევე, საგაზაფხულო დასუფთავებისა და კეთილმოწყობის ღონისძიებების გატარება დაიგეგმა.

მისი ინფორმაციით, დეპუტატთან და მისი ბიუროს თანამშრომლებთან ერთად, აქციებში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, საკრებულოს დეპუტატები, ადგილობრივი მოსახლეობა და უფროსკლასელები მიიღებენ.

ჰავის განსაკუთრებული თვისებების გამო, სურამი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კურორტია საქართველოს მასშტაბით..

სურამი გარშემორტყმულია ტყით. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰავას ბავშვებისათვის აქვს, რომელთაც სასუნთქი გზების დაავადება აწუხებთ, აგრეთვე რეკომენდირებულია ტუბერკულიოზის სამკურნალოდ და ორგანიზმის იმუნიტეტის უნარის ასამაღლებლად.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები