ახალი ამბები
გორის ,,დილას" ფინანსური შემოწმება აუდიტმა მოულოდნელად შეწყვიტა
ქალაქ გორის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის სპეციალისტებმა საფეხბურთო კლუბ ,,გორის დილას" ფინანსური შემოწმება მოულოდნელად შეწყვიტეს.

ამის მიზეზი, კლუბის დირექტორსა და მერიის აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს შორის, წარმოშობილი შეუთანხმებლობა იყო.

შეუთანხმებლობა სხვადასხვა დოკუმენტებთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურის უფროსის, გოგიტა ორთანეზაშვილის მიერ გაჩენილ კითხვებს უკავშირდება.

ეს ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გორის მერის, ზურაბ ჯირკველიშვილის წერილიდან შეიტყო.

წერილი ჯირკველიშვილმა ქალაქის საკრებულოს სამანდატო საპროცედურო კომისიის თავმჯდომარეს და მის წევრებს მისწერა.

,,თქვენი წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ ვერ მოხერხდა აუდიტის ობიექტის ხელმძღვანელობასთან მომზადებული აუდიტორული მტკიცებულებების შეჯერება" - აღნიშნულია მერის წერილში.

სამანდატო საპროცედურო კომისიის წევრებმა ქალაქის მერს კითხვა წერილობით გაუგზავნეს.

ისინი დაინტერესდნენ, თუ რატომ არ შევიდა აუდიტის სამსახურის წლიურ ანგარიშში ააიპ ,,გორის დილას" შემოწმების მასალები.

რა დოკუმენტებთან დაკავშირებით ვერ შეჯერდნენ გოგიტა ორთანეზაშვილი და კლუბის დირექტორი გიორგი ტუღუში? ამის შესახებ არც ერთი მხარე საჯაროდ არ საუბრობს.

თუმცა, საკრებულოს წევრებისთვის არაოფიციალურად ცნობილია, რომ 2016 წლის განმავლობაში ,,დილაში" რამდენიმე ასეული ათასი ლარი პრემიებში დარიგდა.

აუდიტის სპეციალისტებისთვის კი, ეს შეუსაბამოა. გაცემული პრემიები შესაბამისობაში არ მოდის ხელშეკრულებებთან და ბუღალტრულ დოკუმენტაციასთან.

გოგიტა ორთანეზაშვილმა საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ მისი სამსახურის შესაძლებლობებს სცილდება ისეთი კლუბის შემოწმება, როგორიცაა ,,გორის დილა"

შესაბამისად, როგორც მან სხდომაზე განაცხადა, შემოწმების თხოვნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართა.

ქალაქ გორის საკრებულოს წევრი თამარ თედლიაშვილი ამბობს, რომ მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ვალდებული იყო წარმოედგინა წლის განმავლობაში განხორციელებული მუშაობის შედეგები, მათ შორის, გორის ,,დილას" მასალები. 

ფოტოზე: გორის ,,დილას" დირექტორი გიორგი ტუღუში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები