ახალი ამბები
ალანია თუ სამხრეთ ოსეთი? ცხინვალში დანიშნულ რეფერენდუმს საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა 2017 წლის 9 აპრილს, არაღიარებული რესპუბლიკის სახელის შეცვლასთან დაკავშირებით, რეფერენდუმი დანიშნა.

ამის შესახებ ინფორმაციას ოსური საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ცხინვალის ხელისუფლების კოტროლირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა რეფერენდუმში გასცემენ კითხვაზე პასუხის: ,,დაერქვას თუ არა სამხრეთ ოსეთს ალანია".

ცნობილია, რომ 2017 წლის 9 აპრილს, ადგილობრივი საპრეზიდენტო არჩევნებიც გაიმართება.

ცხინვალში 9 აპრილს დანიშნულ ე.წ. პლებისციტსა და საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა.

მისი თქმით, პლებისციტი, არჩევნები ან რაიმე სხვა ქმედება, რომელიც გულისხმობს მოსახლეობის ნების თავისუფალ გამოხატვას, ვერ განხორციელდება ტერიტორიაზე, რომელიც ოკუპირებულია უცხო სახელმწიფოს მიერ, საიდანაც გამოდევნილია მკვიდრი მოსახლეობის უმრავლესობა, სადაც ჩატარდა ეთნიკური წმენდა და, დღეს, ადგილზე ეფექტური კონტროლი განმახორციელებელ ერთადერთ ძალად გველენება რუსეთის ფედერაცია.

,,ნებისმიერ მცდელობა, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონს შეეცვალოს სახელწოდება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების თანხმობის გარეშე, წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და მთლიანობის ხელყოფის მცდელობას და მორიგ ნაბიჯს, გადადგმულს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემგომი ანექსიისაკენ." - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

ის მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რომ გადადგას რეალური ნაბიჯები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციისა და ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისაკენ.

,,მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას რომ წინ აღუდგნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფას და ამ ე.წ. არჩევნებსა და პლებისციტის შედეგების ლეგიტიმაციის ნებისმიერ მცდელობას." - იუწყება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები