ახალი ამბები
ხაშურში ჩინური კომპანია ხიდის უკანონო მშენებლობის გამო დააჯარიმეს
ხაშურში "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს" წარმომადგენლობა 30 000 ლარით დააჯარიმეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგეობის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა თემურ ლომუაშვილმა აცნობა.

ლომუაშვილის ინფორმაცით, კომპანია "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურომ", სოფელ ქვიშხეთთან, მდინარე მტკვარზე ხიდი უკანონოდ ააშენა.

კომპანიის წარმომადგენლებმა ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს განუცხადეს, რომ ხიდი სამშენებლო ნარჩენების ტრანსპორტირებისთვის დაჭირდათ.

,,ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო" სოფელ ქვიშხეთთან სარკინიგზო გვირაბს აშენებს, რომელიც დასავლეთ-აღმოსავლეთ საქართველოს ერთმანეთთან დააკავშირებს.

ხიდი მძიმეწონიანი მანქანებისთვისაა გათვლილი, რომლითაც გვირაბიდან გამოტანილ მასალას სოფელ სათივეში ყრიან.

მუნიციპალიტეტმა კომპანია 2016 წლის დეკემბერში დააჯარიმა, კომპანიის წარმომადგენლები უნებართვო მშენებლობისთვის გასული წლის ზაფხულშიც დაჯარიმდნენ, მაშინ, ჯარიმის ოდენობა 10 000 ლარით განისაზღვრა.

"ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო" ვალდებულია ხიდის დემონტაჟი მარტის ბოლომდე მოახდინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დეკემბერში გადახდილი ჯარიმა გასამმაგდება.





 

Print

სტატიის გამოყენების პირობები