ახალი ამბები
სახალხო დამცველის აზრით, გამყოფი ხაზის გადაკვეთის წესი უფრო მოქნილი უნდა გახდეს
სახალხო დამცველის აზრით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არალეგალური მიმართულებებიდან შესვლის წესი უფრო მოქნილი უნდა გახდეს.

პრაქტიკის ანალიზით ჩანს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისათვის, სასჯელი, მხოლოდ, იმ მცირე ნაწილს ეკისრება, რომელიც შემდეგ საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე შემოდის.

ამასთან, ეს შეზღუდვა ვრცელდება საერთაშორისო ორგანიზაციებზე და მათ თანამშრომლებზე, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიების მოსახლეობისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საქმიანობას ეწევიან.

უცხო პირისთვის გამყოფი ხაზის გადაკვეთისას, სასჯელის ზომა უნდა შემოიფარგლებოდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით.

ამის შესახებ სახალხო დამცველმა დღეს, სპეციალური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

ანგარიში ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის, ეკონომიკური საქმიანობის, დე ფაქტო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტებისა და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს ეხება.

სახალხო დამცველი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონს, პრაქტიკაში არსებულ ხარვეზებს და დაბრკოლებებს მიმოიხილავს, ასევე, მათი აღმოფხვრის გზებს მიუთითებს.

სახალხო დამცველი ასევე, მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფების შესაბამისად, მთავრობამ უნდა შეიმუშავოს წამახალისებელი სამართლებრივი და ლოჯისტიკური მექანიზმი, მათ შორის, განსხვავებული საგადასახადო რეჟიმი და გამოყოს ფინანსური რესურსი, რომელიც საშუალებას მისცემს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომუშავე ადგილობრივ ინდივიდუალურ მეწარმეებს, მიკრო და მცირე ბიზნესებს, განავითარონ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები გამყოფი ხაზის მეორე მხარეს მოქმედ ბიზნესებთან და მეწარმეებთან, ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით.

ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ახალ თაობას, სხვა საბუთები, გარდა არალეგიტიმური ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტებისა, ძირითადად, არ გააჩნია.

ვინაიდან, მოქმედი კანონის მიხედვით ასეთი დოკუმენტები არარაა, მათთვის, საქართველოს მოქალაქეობის დადგენა და შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტების მიღება გართულებულია.

,,ხელისუფლებამ უნდა შეიმუშავოს ეფექტური მექანიზმი, რათა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა პირებმა მარტივად შეძლონ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობისა და იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტების მიღება, რითიც შემდეგ შეეძლებათ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სერვისებით სარგებლობა." - აღნიშნავს სახალხო დამცველი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები