ახალი ამბები
ხეითელი დალაქის ოჯახი დევნილთა დასახლებაში
მამუკა კეკოშვილი კარალეთის დევნილთა დასახლებაში დალაქად მუშაობს. ეს პროფესია მამისგან ისწავლა. მისმა მეუღლემაც იგივე სპეციალობა აირჩია, თუმცა ახალგაზრდა ცოლ-ქმარს შესაბამისი ფართი აქვს.

,,ოდნავ დიდი ფართი რომ გვქონდეს, ჩემ მეუღლესაც აქ დავასაქმებდი. გვექნებოდა ქალთა სალონიც. ამჟამად, მხოლოდ მე ვმუშაობ. თავის გაკრეჭვა ჩემთან ორი ლარი ღირს. კლიენტი მყავს, თუმცა, დღეში რამდენი ადამიანი უნდა გაკრიჭო, რომ დიდი შემოსავალი გქონდეს? ჩემი მშობლები უკვე პენსიონერები არიან, წამლის ფულიც ჭირდებათ. ამიტომ, საკუთარი სახსრებით, ვერ მოვახერხებ სალონის გაფართოებას" - ამბობს მამუკა კეკოშვილი.

მამუკა კეკოშვილის მამას, ოთარ კეკოშვილს, წლების განმავლობაში, დიდი ლიახვის ხეობის სოფელ ხეითში სადალაქო ჰქონდა გახსნილი. მასთან, ადგილობრივების გარდა, მეზობელი სოფლების: კეხვის, თამარაშენის, აჩაბეთის და ა.შ. სოფლების მოსახლეობაც მიდიოდა. ოთარ კეკოშვილი იხსენებს, რომ მის სადალაქოში ცხინვალის საავადმყოფოს ექიმებიც მიდიოდნენ.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, კეკოშვილები კარალეთის დევნილთა კოტეჯებში დასახლდნენ. ოთარ კეკოშვილმა საკუთარი სახსრებით მცირე ზომის ჯიხური იყიდა და სადალაქო გახსნა.

,,ამჟამად, ჩემ საქმიანობას ჩემი შვილი აგრძელებს. მიყურებდა ხოლმე სამუშაოზე და იქიდან ისწავლა. მე უკვე აღარ შემიძლია და, ძირითადად, საშინაო სამეურნეო საქმიანობას მივდევ" - ამბობს ოთარ კეკოშვილი.


Print

სტატიის გამოყენების პირობები