ახალი ამბები
ცხინვალში მამიაშვილმა და თედეევმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი
ცხინვალში, რუსეთისა და დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ჭიდაობის ფედერაციების ხელმძღვანელებმა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ამის შესახებ ინფორმაციას ოსური საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებს.

მემორანდუმს ერთი მხრიდან ხელი მიხეილ მამიაშვილმა მოაწერა, რომელიც რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტია.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მხარე კი ჯამბულათ თედეევმა წარმოადგინა, რომელიც გასულ კვირას ადგილობრივ ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს.

თედეევმა მამიაშვილს მადლობა გადაუხადა ომის შემდგომ პერიოდში გაწეული დახმარებისთვის. 

ამჟამად, ცხინვალში რუსეთის ცნობილი მოჭიდავეები იმყოფებიან და ადგილობრივ სპორტსმენებს მასტერკლასებს უტარებენ.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ მამიაშვილი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა მიიღო.

თიბილოვმა სტუმრებს სამხრეთ ოსეთის ჯილდოები გადასცა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები