ახალი ამბები
არასრულწლოვანი პაციენტები გამყოფ ხაზს შემოვლითი გზებით კვეთენ
არასრულწლოვანი პაციენტები გამყოფ ხაზს შემოვლითი გზებით კვეთენ და ამისთვის 2-3 დღეს გამყოფი ხაზის სოფლებში ყოვნდებიან, რათა გადასასვლელად შესაფერისი დრო მოძებნონ.

ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

უჩა ნანუაშვილმა, კონფლიქტებით დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრებ ქალთა და ბავშვთა უფლებების შესახებ, სპეციალური ანგარიში მოამზადა.

ანგარიშის მიხედვით, არც თუ იშვიათად, ზემოაღნიშნულ არასწრულოვნებს ჯანმრთელობის მდგომარეობა ურთულდებათ.

გარდა ამისა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე სერიოზული პრობლემებია საავადმყოფოების აღჭურვის და სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის კუთხით, რაც აუარესებს ბავშვთა ჯანმრთელობის უფლებას.

სახალხო დამცველისათვის საგანგაშოა, რომ დოკუმენტების არქონის გამო, ხშირია არასრულწლოვანთა დაკავებები, რომლებიც შემოვლითი გზებით ცდილობენ გამყოფ ხაზზე გადაადგილებას.

სახალხო დამცველისთვის არაერთი შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი, როდესაც რუსულ სამხედრო ბაზებზე ბავშვების, მათ შორის, ჩვილი ბავშვების და მისი მშობლების დაკავების დროს, ადგილი აქვს არასათანადო და ღირსების შემლახავ მოპყრობას, როგორიცაა სიტყვიერი შეურაცხყოფა, საკვებისა და სასმელი წყლის შეზღუდვა.

,,მცირეა იმ არასამთავრობო ორგანიზაციათა რიცხვი, რომლებიც ამ რეგიონებში ქალთა და ბავშვთა უფლებებზე მუშაობენ. არ ხდება მდგომარეობის სისტემატური მონიტორინგი და კვლევა." - აცხადებს სახალხო დამცველი.

მისი თქმით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზოგადოებებში ოჯახში ძალადობა ერთ-ერთ რთულ და, ამასთან, დაფარულ პრობლემას წარმოადგენს.

მაგალითად, ოჯახში ძალადობის მსხვერპლს მილიციაში სერიოზულად არ აღიქვამენ და თავს არიდებენ ასეთ შემთხვევებში ჩარევას.

კონფლიქტურ რეგიონებში ბავშვთა უფლებების დაცვა ძირითადად ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების იმედადაა დარჩენილი, ისიც მცირე მოცულობის ინიციატივების დონეზე.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები