ახალი ამბები
რაიონის საბავშვო ბაღების 23 თანამშრომელს საყვედურები მისცეს
გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში მომუშავე თანამშრომლების მიმართ დისციპლინარული ზომები გატარდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საბავშვო ბაღების გაერთიანების პრეს-სამსახურში განუცხადეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, საყვედურები, მათ შორის, დირექტორებმაც მიიღეს.

კერძოდ, ვარიანის, ბერშუეთის, ატენის, პატარა გარეჯვრის, ქიწნისის, კარალეთის, ტირძნისისა და ტყვიავის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების პასუხისმგებელ პირებს დაეკისრათ ადმინისტრაციული სახდელი.

,,ნაწილს ხელფასი დაექვითა 10%-ით, ნაწილმა გაფრთხილება და საყვედური მიიღო" - ამბობს პრეს-სამსახურის წარმომადგენელი გიორგი დვალიშვილი.

ზემოაღნიშნულ ბაღების დირექტორებს დარღვევები ბავშვთა კვების სფეროში აღმოუჩინეს.

რაც შეეხება აღმზრდელობით დარგს, ამ მხრივ საყვედურები ხელთუბანში, ქიწნისში, ზერტში, ქვახვრელში, ბნავისში, მარანაში, დიცში, ფლავში, ახალდაბაში და ვარიანში მიიღეს.

,,ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ბავშვთა აღრიცხვიანობის კუთხით, დარღვევებს." - ამბობს გიორგი დვალიშვილი.

თუკი, დილის საათებში, ბაღების გაერთიანებაში დაფიქსირდა, რომ ამა თუ იმ საბავშვო ბაღში გამოცხადდა 20 ბავშვი, მონიტორინგის ჯგუფის ჩასვლისას, ადგილზე 2-3 ბავშვით ნაკლები აღმოჩნდა.

გორის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსმა რეზო გოგიაშვილმა 16 ადმინისტრაციული წარმოების საქმე განიხილა. ორი საქმე დაუმთავრებელი აქვს.

,,ზოგიერთ საქმეში დირექტორის და თანამშრომლის დარღვევა გამოიკვეთა" - განმარტავს პრეს-სამსახური. ფლავის საბავშვო ბაღის ამჟამინდელი გამგის განცხადებით, დარღვევა წინა დირექტორის პერიოდში დაფიქსირდა, თუმცა, დარღვევები მისი მმართველობის პერიოდს ეხება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები